37 წელი უდიდესი გამარჯვებიდან - ''დინამოს'' ტრიუმფი დიუსელდორფში
1980-81 წლების უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის ''დინამომ'' 2:1 დაამარცხა იენის ''კარლ ცაისი.'' 1981 წელს დიუსელდორფის ''რაინშტადიონზე'' გამართული შეხვედრიდან 37 წელი გავიდა.
1981 წლის 13 მაისი ქართულ ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის დღეა, ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპული ჯილდო მოიგეს.
თბილისის ''დინამო'' თასების მფლობელთა თასის ფინალის გასამართად დიუსელდორფში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: ო. გაბელია, თ. კოსტავა, ა. ჩივაძე, ნ.ხიზანიშვილი, გ. თავაძე, ვ.დარასელია, ზ. სვანაძე, თ. სულაქველიძე, ვ. გუცაევი, დ. ყიფიანი, რ. შენგელია, ნ. კაკილაშვილი, ვ. ჟვანია, გ. ჭილაია, ა. ანდღულაძე, კ. მჭედლიძე.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ: ნ. ახალკაცი, კ. ასათიანი, ს. კუტივაძე.
თვითმფრინავის სალონში თბილისის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი დავით ყიფიანი. 10 მაისი, 1981 წელი,
''კარლ ცაისის'' მოთამაშეებმა საუკეთესო ფეხბურთელად ერთსულოვნად აღიარეს დავით ყიფიანი. მას შემდეგ რაც ''დინამოსა'' და ''ფეიენორდის'' დაპირისპირება ტელევიზიით იხილეს, ისინი ბევრს ლაპარაკობდნენ ყიფიანის ფილიგრანულ ჩაწოდებებზე, ფინტებსა და სახიფათო გასვლებზე, როცა იგი შესანიშნავად უმკლავდებოდა ორ, სამ, ხან კი ოთხ ჰოლანდიელს...'' - აღნიშნა ფინალურ მატჩამდე ''კარლ ცაისის'' მთავარმა მწვრთნელმა ჰანს მაიერმა.
ფოტოზე: 1981 წლის 12 მაისი, თბილისის ''დინამოსა'' და იენის ''კარლ ცაისის'' მთავარი მწვრთნელების, ნოდარ ახალკაცისა და ჰანს მაიერის პრესკონფერენცია.
1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასის ფინალში დიუსელდორფის ''რაინშტადიონზე'' ''დინამო'' იენურ კლუბს შეხვდა. შეხვედრას 9800 მაყურებელი დაესწრო.
თბილისის დინამო 2:1 კარლ ცაისი (იენა, გდრ)
დინამო: ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე (კაპ), ნოდარ ხიზანიშვილი, გია თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი 67), თენგიზ სულაქველიძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია
მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარლ ცაისი: ჰანს-ულრიხ გრაპენტინი, გერტ ბრაუერი, გერჰარდ ჰოპე (ულრიხ ოევერმანი 89), ვოლფგანგ შილინგი, ლოთარ კურბიუვაიტი (კაპ), რუდიგერ შნუპჰაზე, ანდრეას კრაუზე, ლუტც ლინდემანი, ანდრეას ბილაუ (ტომას ტიოპფერი 76), იურგენ რააბი, ებერჰარდ ფოგელი
მთავარი მწვრთნელი:ჰანს-იოახიმ მეიერი
გოლები: 0:1 გერჰარდ ჰოპე (63), 1:1 ვლადიმერ გუცაევი (67), 2:1 ვიტალი დარასელია (87)
მსაჯები: რიკარდო ლატანცი
''დინამოელთა აზრიან, გუნდურ თამაშში გამოირჩევიან ყიფიანი და ჩივაძე.''კარლ ცაისის'' გოლის შემდეგ ვფიქრობდი, რომ მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ''დინამომ'' არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ გამარჯვების გოლიც გაიტანა, რაც მეტყველებს ნოდარ ახალკაცის გუნდის საუკეთესო მომზადებასა და მოთამაშეთა მაღალ ნებისყოფაზე'' - ლეგენდარული გერმანელი მწვრთნელის, იუპ დერვალის სიტყვები, 1981 წლის ივნისი.
''აშკარა იყო დინამოს უპირატესობა ტექნიკაში, ბურთის ფლობასა და თამაშის აგებაში.როცა ისინი განუმეორებელი ყიფიანის მეშვეობით მინდორზე ჭადრაკის თამაშს იწყებდნენ, ''კარლ ცაისი'' მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრობდა'' - Deutsches Sportecho-ს ჟურნალისტი გიუნტერ ზიმონი 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალის შესახებ.
''თბილისის დინამო თავის განუმეორებელ მატჩებს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, თამაშობს ფეხბურთის ნამდვილი დიდოსტატის, დავით ყიფიანის შემწეობით, რომელსაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა გუნდის აზრი და ტვინი უწოდა'' - ვიქტორ სანტორი, პორტუგალიური ''ა ბოლას'' მთავარი რედაქტორი.
''ჩემს საფეხბურთო სკოლაში დაახლოებით 100 ბავშვს ვავარჯიშებ. მინდორზე ვარჯიშის გარდა თეორიულ მეცადინეობებსაც ვატარებ, ვასწავლით ფეხბურთის ისტორიას, სუპერვარსკვლავების ბიოგრაფიებს, ბოლო დროს სასწავლო პროგრამაში დავით ყიფიანიც შევიტანეთ, საოცარი ფეხბურთელია, დრო გადის და უფრო და უფრო აუმჯობესებს თამაშს. სამწუხაროდ ბენფიკა არ შეხვდა დინამოს, ჩემმა ბავშვებმა დაკარგეს ბედნიერება საკუთარი თვალით ეხილათ დავით ყიფიანის თამაში ჩვენს მინდორზე'' - ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, ეუსებიოს სიტყვები, 1981 წელი, ივნისი