Aa Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" 10 ყველაზე ცუდი ტრანსფერი

21-ე საუკუნეში ფინანსებმა ფეხბურთზე კონტროლი დააწესა. სულ მალე, შესაძლოა სპორტული დირექტორები უსამსახუროდ დარჩნენ, რადგან კლუბები მოთამაშეებში არაადექვატურად დიდ თანხებს იხდიან.

რომელიმე გრანდს კონკრეტული მოთამაშე სურს? დღეს აღარავის უნდა გაწელილ და დამღლელ მოლაპრაკებებში თვეების დაკარგვა - მარტივად, რამდენიმე ათეული მილიონით ზედმეტს იხდიან და სასურველ მოთამაშეს იფორმებენ.

რა თქმა უნდა, არის სასიამოვნო გამონაკლისებიც, მაგალითად მიუნხენის "ბაიერნი", რომელიც თავის ხელწერას დღემდე ინარჩუნებს.

სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი რეალობა, თუმცა ფულით ყველაფერს მაინც ვერ იყიდი და ხშირ შემთხვევაში კლუბები სატრანსფერო ბაზარზე ათეულობით მილიონს ზარალობენ. რატომ? ამის მიზეზი მცდარი და გაუთვლელი ტრანსფერებია - შეცდომა, რომელსაც ფაქტიურად ყველა ძლიერი გუნდი უშვებს.

გთავაზობთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ განხორციელებულ ყველა დროის 10 ყველაზე წარუმატებელ ტრანსფერს.

ბებე

2010 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვიტორია გიმარაეშიდან“ პორტუგალიელი შემტევი ბებე 7,4 მილიონ ფუნტად შეიძინა.

მისი ტრანსფერი თავიდან ბოლომდე კურიოზული იყო.

„იუნაიტედმა“ ბებე პირველად უსახლკაროთა მსოფლიო ჩემპიონატზე შენიშნა, რომლის შემდეგაც მისი გაფორმება გადაწყვიტა.

ბებეს კვალიფიკაცია ეჭვს ბადებდა. მისი ინგლისის პრმეიერლიგაში გადასვლა არარეალური იყო და საბოლოოდ ეს ასეც მოხდა. მან, "წითელი ეშმაკების" ძირითადი გუნდის რიგებში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.

3 წლიანი განათხოვრებების შემდეგ, „მანკუნიანელებმა“ პორტუგალიელი ფეხბურთელი საბოლოოდ გაუშვეს.

მემფის დეპაი

2015 წელს, „იუნაიტედმა“ „პსვ“-დან 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მემფის დეპაი შეიძინა.

ჰოლანდიელი გარემარბი „ოლდ ტრაფორდზე“ დიდი გეგმებით ჩავიდა და დახვედრაც შესაფერისი ჰქონდა - დეპაის კლუბის ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური გადაეცა.

მემფისის დებიუტი მართლაც, რომ შთამბეჭდავი იყო. მან, რამდენიმე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა - ეს მორიგი არასწორი ტრანსფერი იყო.

2 სეზონის შემდეგ, დეპაიმ „მანჩესტერი“ დატოვა და ის დღეს „ლიონის“ ღირსებას იცავს.

ანხელ დი მარია

მორიგი შვიდიანი და მორიგი იმედგაცრუება. 2014 წელს, „მანკუნიანელებმა“ მადრიდის „რეალიდან“ 59,7 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ანხელ დი მარია შეიძინეს.

არგენტინელმა გარემარბმა თავისი „მანჩესტერული“ კარიერა შესანიშნავად დაიწყო.

რამდენიმე ეფექტური გოლის შემდეგ, დი მარიამ ტრავმა მიიღო, რომლის შემდეგაც ნათელი გახდა, რომ ის პრემიერლიგისთვის არ იყო დაბადებული.

ხშირი ტრავმიანობის გამო, ის საშინელ ფორმაში იმყოფებოდა.

„იუნაიტედმა“ სეზონის დასრულების შემდეგ, არგენტინელი ფეხბურთელი „პსჟ“-ს მიჰყიდა.

ერიკ ჯემბა-ჯემბა

2003 წელს, „მანჩესტერმა“ „ნანტიდან“ 3,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ერიკ ჯემბა-ჯემბა შეიძინა.

ყველამ კარგად იცოდა, თუ რა კონკურენცია ელოდა წინ ახალგაზრდა კამერუნელს.

მიუხედავად ამისა, ჯემბა-ჯემბას „ოლდ ტრაფორდი“ არასდროს გაუკვირვებია. მის მიმართ გამოცხადებული ნდობა ბოლომდე ჩავარდა.

2 წლის შემდეგ, „მანჩესტერმა“ კამერუნელი ფეხბურთელი „ასტონ ვილაში“ გაუშვა.

ჯემბა-ჯემბას თავისი კარიერის განმავლობაში 10 ქვეყნის 13 გუნდში აქვს ნათამაშები.

ოუენ ჰარგრეივსი

2007 წელს, „მანჩესტერმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ინგლისელი ნახევარმცველი ოუენ ჰარგრეივსი 16,9 მილიონ ფუნტად შეიძინა.

იმავე სეზონში პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, თუმცა 2008 წლის შემოდგომაზე უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ფორმის დაბრუნება ვეღარ შეძლო და მისი კარიერა უკან წავიდა.

სერ ალექსს ინგლისელი უფრო ხანგრძლივი პერსპექტივით ჰყავდა გუნდში მიყვანილი, თუმცა... ზოგადად, ჰარგრეივსი საკმაოდ ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე იყო, თუმცა მას არ ჰქონდა იღბალი და იყო ტრავმებისკენ მიდრეკილი, რამაც მისი „მანჩესტერული“ კარიერა დაასრულა.

2011 წელს, ჰაგრეივსი „სიტიში“ გადავიდა, აქედან ერთი წლის შემდეგ კი კარიერაც დაასრულა.

ამ სიაში ყოფნას ჰარგრეივსი ალბათ ყველაზე ნაკლებად იმსახურებს, რადგან მას იღბალმა ზურგი აშკარად აქცია.

კლებერსონი

2003 წელს, „ატლეტიკო პარანაენსედან“ 5,9 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „მანჩესტერმა“ ბრაზილიელი შემტევი კლებერსონი შეიძინა.

„იუნაიტედის“ ისტორიაში, ის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შენაძენი გახდა.

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, კლებერსონის შეძენა „ლიდსს“ სურდა და ამისთვის ისინი მზად იყვნენ, თუმცა საქმეში სერ ალექს ფერგიუსონი ჩაერთო და ბრაზილიელიც „ოლდ ტრაფორდზე“ გაემგზავრა.

კლებერსონმა „მანჩესტერის“ მაისურით 2 წელი იასპარეზა და 30 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც „ბეშიქთაშში" გაყიდეს.

მასიმო ტაიბი

1999 წელს, „იუნაიტედს“ მეკარის შეძენა სჭირდებოდა. ალექს ფერგიუსონმა „ვენეციადან“ იტალიელი გოლკიპერი მასიმო ტაიბი 4,5 მილიონ ფუნტად გაიფორმა.

ტაიბიმ „მანკუნიანელთა“ კარი მხოლოდ 4 შეხვედრაში დაიცვა.

მისი დებიუტი "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ შედგა და მეტ ლე ტისიეს გოლის შემდეგ, "იუნაიტედში" ყველა მიხვდა, თუ "რა დონის" მეკარეც იყო ტაიბი...

მას ბოლო შანსი "ჩელსისთან" შეხვედრაში მისცეს, რომელიც "მანჩესტერმა" 0-5 წააგო...

ზორან ტოშიჩი

2009 წელს, "მანჩესტერმა" "პარტიზანიდან" 7,2 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გარემარბი ზოარნ ტოშიჩი შეიძინა.

ტოშიჩმა "იუნაიტედში" სულ 2 მატჩი ჩაატარა, ჯამში 79 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც სასწრაფოდ "კიოლნში" გაანათხოვრეს.

ამის შემდეგ, მისი კარიერა მოსკოვის "ცეესკაში" გაგრძელდა. ტოშიჩი ამჟამად, კვლავ ჩინურ "ტაიჟუ იუანდას" ღირსებას იცავს.

ვიქტორ ვალდესი

2015 წელს, "წითელმა ეშმაკებმა" თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ესპანელი გოლკიპერი ვიქტორ ვალდესი გაიფორმეს.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ ვინ არის ვალდესი და რომელი გუნდის ღირსებას იცავდა ფაქტიურად მთელი კარიერის მანძილზე.

2002 წლიდან "ბარსელონას" ძირითადი მეკარის სტატუსის მქონე გოლკიპერს, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვან, ეს ნამდვილად მომგებიანი გარიგებაა, თუმცა ყველაფერი ლუის ვან გაალის დამსახურება იყო, რომელიც ვალდესს "ბარსადან" კარგად იცნობდა.

ვიქტორ ვალდესს "მანჩესტერში" არ გაუმართლა. ესპანელმა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს რამდენიმე თვით ჩამოშორდა.

"იუნაიტედში" ვალდესის ანგარიშზე მხოლოდ 2 შეხვედრაა.

მანკუნიანელებმა" ვალდესი ლიეჟის "სტანდარდში" გაანათხოვრეს, საბოლოოდ კი ის "მიდლსბრომ" შეიძინა, რომელიც მის კარიერაში უკანასკნელი გუნდი აღმოჩნდა.

ხუან სებასტიან ვერონი

2001 წელს, "მანჩესტერმა" 28,1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ რომის "ლაციოდან" არგენტინელი ნახევარმცველი ხუან სებასტიან ვერონი შეიძინა.

“Veron is a f***ing great player, and you’re all f***ing idiots", - ”„თქვენ ერთი და იგივეს იმეორებთ. თქვენთან საუბარს არ ვაპირებ. ის საშინლად მაგარი მოთამაშეა, თქვენ კი იდიოტი ხართ“. -  ეს სიტყვები სერ ალექს ფერგიუსონს ეკუთვნის. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ნერვებმოშლილმა ფერგიმ სწორედ ასეთი პასუხი გასცა...

სერ ალექსს სურდა, რომ "იუნაიტედის" ისედაც ძლიერი და ნიჭიერი ნახევარდაცვის ხაზი კიდევ უფრო შთამბეჭდავად ექცია. მართალია, ვერონი უმაღლესი კლასის მოთამაშე იყო, მაგრამ "წითელ ეშმაკებს" მის პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ და ისინი ერთმანეთს ხელს უშლიდნენ, რამაც გუნდი არია და საბოლოოდ პრემიერლიგის ტიტულის დაკარგვა გამოიწვია.

2 წლის შემდეგ, ვერონი "ჩელსიში" გადავიდა, თუმცა საბოლოოდ იმის თქმა შეიძლება, რომ არგენტინელი ნახევარმცველი ინგლისის პრემიერლიგაში გამორჩეული მოთამაშის სახელით ვერ შევიდა.

ინგლისი არასდროს იყო ვერონის ლიგა. მან, იტალიისა და არგენტინისგან განსხვავებით ნისლიან კუნძულზე თავისი სახელი ვერ დატოვა.

გაზიარება: