გიორგი გველესიანი, პერსეპოლისი
Aa
Aa

გველესიანს პერსეპოლისთან კონტრაქტი ეწურება - „ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული“

საქართველოს ნაკრების მცველმა, გიორგი გველესიანმა შესაძლოა ზაფხულში „პერსეპოლისი“ დატოვოს - როგორც Crystalsport-ისთვის გახდა ცნობილი, გველესიანს, ისევე როგორც მის 10-მდე თანაგუნდელს, კონტრაქტი ეწურება, რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტი გახდება. 

თეირანის „პერსეპოლისს“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი იცავს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსები დაკარგული აქვს, თუმცა გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია, მეორე ადგილზე გავიდეს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვოს, რისთვისაც მათ „სეპაჰანთან“ 5-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა სჭირდებათ.

„პერსეპოლისს“ ჩემპიონატში კიდევ 3 მატჩი აქვს ჩასატარებელი, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობა და ქართველი მცველი მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც ჩანს, მოკლევადიანი კონტრაქტების დადება ირანულ კლუბებში გავრცელებული პრაქტიკაა, ამიტომ არც ისაა გამორიცხული, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ და მომავალ სეზონში ქართველი მცველი კვლავ „წითლების“ მაისურით ვიხილოთ.

„ამ დროისთვის მომავალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. „პერსეპოლისი“ ჩემთვის ოჯახივითაა - ჩემი ნება რომ იყოს, კონტრაქტსაც გავახანგრძლივებდი და კარიერასაც აქ დავასრულებდი, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული.

თუ რომელიმე გუნდი ან აგენტი დამიკავშირდება, ყველას ვეტყვი, რომ ჯერ „პერსეპოლისის“ პოზიცია უნდა გავიგო, მანამდე კი გავაგრძელებ ამ გუნდისა და მისი გულშემატკივრებისთვის ბრძოლას“.

შეგახსენებთ, რომ გველესიანი „პერსეპოლისის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს, მანამდე კი ჯერ „ზობ აჰანში“, შემდეგ კი „ნასაჯისა“ და „სეპაჰანში“ თამაშობდა. თეირანულ კლუბთან ერთად გველესიანმა ორჯერ ირანის ჩემპიონატი, თითოჯერ კი ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდა ახალგაზრდაა, ალისონის ჩანაცვლება რთული იქნება“ - ტაფარელი
„მამარდა ახალგაზრდაა, ალისონის ჩანაცვლება რთული იქნება“ - ტაფარელი