„შეტევაშიც და დაცვაშიც მებრძოლია, ეს მის ბუნებაშია“ - ფილიპ ლამი კვარას თვისებებს განიხილავს
გავლენიან ამერიკულ გამოცემა New York Times-ის სპორტულ კატეგორია The Athletic-ში ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელის, მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, ფილიპ ლაპის სტატია ქვეყნდება, სადაც ვეტერანი მცველი თანამედროვე ფეხბურთში გამორჩეული ვინგერების თამაშს განიხილავს.
სასიამოვნოა, რომ ლამის სიაში საქართველოს ნაკრების და პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. გერმანელი ლეგენდა ქართველის გამორჩეულ თვისებებზე წერს და როგორც ნაკრებში, ისე კლუბში მის ფუნდამენტურ როლს აღნიშნავს.
რას წერს ფილიპ ლამი:
„როგორც ყოფილი ფულბეკი, ყოველთვის ვაკვირდები ფეხბურთელებს, რომელთა წინააღმდეგაც პირისპირ მომიწევდა თამაში, რათა გამეგო, თუ როგორ გამენეიტრალებინა ისინი. წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა კი ნამდვილად საინტერესო გამოწვევებით იქნებოდა სავსე“.
„მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჯუნიორი, ბუკაიო საკა, ლამინ იამალი, ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე... ყველა მათგანი ბრწყინავდა. გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება თითოეულ მათგანს შეუძლია, თანაც სხვადასხვა გზით. იმ ამოცანას, რასაც ისინი მცველებს უქმნიან, ძალიან დიდ სირთულეებთან ასოცირდება“.
„ამ ტიპის თავდამსხმელების ფესვები სათავეს სავარაუდოდ 90-ანი წლების შუა პერიოდიდან იღებს სათავეს. პირველ მოთამაშე, რომელიც მახსენდება „აიაქსის“ მარკ ოვერმარსია, რომელიც კლასიკურად ფლანგის სწრაფ თამაშს აჩვენებდა, ზუსტი დრიბლინგებით და დარტყმის უნიკალური სიზუსტით. მოგვიანებით, „ბაიერნში“ ფრენკ რიბერიმ და არიენ რობენმა ამ ტიპის ფლანგის მოთამაშე კიდევ უფრო განავითარეს“.
„ეს ფეხბურთელები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, მოწინააღმდეგეებს მუდმივ საფრთხეს უქმნიან. მიმართულებას სწრაფად იცვლიან და ეპიზოდის დასრულების შესანიშნავი უნარები აქვთ“.
„რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ის მანძილი, რომლითაც ის ბურთს ატარებს, საოცარია. ეს ტერიტორია დიდია, მაგრამ ამ გარბენის ბოლოს მაინც სახიფათოა. ის ყველა გუნდს რაღაც ღირებულს აძლევს. კვარაცხელია საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავია, შეტევაში მომაკვდინებელია, მაგრამ ამავდროულად დაცვაშიც ძალიან თავდაჯერებულად მუშაობს და თავს ისე იცავს, როგორც ნებისმიერი სხვა მოთამაშეა. მებრძოლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს მის ბუნებაშია“.
„მისი შრომისმოყვარეობა რიბერის მახსენებს. წარმომიდგენია, მისი თანაგუნდელები როგორი მადლიერნი არიან მასთან ერთად თამაშის გამო. ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ ხვიჩა მათი გუნდის ნაწილია, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება და როგორ ვითარდება თამაში კონკრეტულ მომენტში“.
„კვარაცხელიას ბურთთან თამაშის სიძლიერე შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „არსენალის“ წინააღმდეგ გამარჯვებაში გადამწყვეტი იყოს. ეს მახსენებს ზოგიერთ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი ბაიერნსა და გერმანიის ნაკრებში ჩემს თანაგუნდელებთან ერთად“.
შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლამი „ბაიერნში“ 2002-2017 წლებში, გერმანიის ნაკრებში კი 2004-2014 წლებში თამაშობდა და თავისი დიდებული კარიერის განმავლობაში მრავალი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი. ლამმა კარიერა 2017 წელს დაასრულა და ახლა, ძირითადად საფეხბურთო ანალიტიკოსის როლში გვევლინება.