იბერიამ ტორპედოს მოუგო და რეკორდი მოუხსნა - დილას დაგეგმილი 3 ქულა
დღეს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის XI ტური ორი შეხვედრით გაიხსნა და ორივეში სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფმა გუნდებმა გაიმარჯვეს. „შენგელია არენაზე“ გასამართ პაექრობას მოქმედი ჩემპიონი „იბერია“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა და თუ არ დამარცხდებოდა, 2018-2019 წლებში სწორედ ქუთაისური კლუბის მიერ დამყარებულ რეკორდს გააუმჯობესებდა. ლევან კორღალიძის მიერ მომზადებული გუნდი არათუ არ დამარცხდა, არამედ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა აიღო და ქუთაისში მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი ბურთი გუნდის კაპიტანმა გიზო მამაგეიშვილმა მე-19 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დერეკ აგიაკვას მიერ გაკეთებული კარგი პასის შედეგად გაიტანა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ დაგეგმილი 3 ქულა აიღო და ლიდერ „იბერიას“ ისევ კვალში უდგას. გორელებს ამოცანა ერთიორად გაუიოლა მე-8 წუთზე „გაგრას“ ფორვარდის გიორგი გაბედავას გაძევებამ, რომელსაც არბიტრმა ირაკლი კვირიკაშვილმა წითელი ბარათი ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ უჩვენა. ანგარიში მე-20 წუთზე ოთარ ფარულავამ გახსნა, რომელმაც ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი შეგნებულად არ აღნიშნა. საბოლოო ანგარიში კი, კომპენსირებულ დროში ბურკინა ფასოელმა არუნა უატარამ ირაკლი ბუღრიძის აქტიურობის შედეგად გაიტანა.
Crystalbet ეროვნული ლიგის XI ტური ხვალ გასამართი სამი შეხვედრით დასრულდება. „კოლხეთი“ – „თელავი“ 17:00 საათზეა ჩანიშნული, რასაც „სამგურალი“ – „დინამო თბილისისა“ (19:00) და „დინამო ბათუმი“ – „გარეჯის“ (20:00) თამაშები მოჰყვება.