„ასეთი ფეხბურთელებით ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებ“ - ჰამანის კრიტიკა ბაიერნს
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დიტმარ ჰამანი ფეხბურთელობის პერიოდზე უფრო მეტად გულშემატკივარს თავს ახლა ამახსოვრებს, როდესაც ერთ-ერთ ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს. გარდა სხვადასხვა პრინციპული მატჩების დროს გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებისა, ვეტერანი გერმანელი მოთამაშე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებთანაც არ იკავებს თავს და ნებისმიერი ფეხბურთელი შეუძლია მოურიდებლად გააკრიტიკოს.
ამჯერადაც მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე და როდესაც ჰამანს დაუსვეს შეკითხვა, თუ რით იყო განპირობებული „ბაიერნის“ წლევანდელი წარუმატებლობა ჩემპიონთა ლიგაში, მისგან ასეთი პასუხი მოისმინეს:
„პასუხი ძალიან მარტივია - „რეკორდმაისტერის“ დაცვა ძალიან სუსტი გახლდათ, რასაც თავისი ობიექტური მიზეზებიც აქვს - უკანა ხაზი ლამის ყოველ სეზონში იცვლება და ასეთი მიდგომით შედეგს ვერ აჩვენებ. როდესაც დაცვა სუსტია, მთელი დაწოლა ცენტრალურ ნახევარმცველებზე მოდის და ვინ იდგა „ინტერთან“ ამ ზონაში? იოზუა კიმიხი და ლეონ გორეცკა, რომელთაც ბურთი და ინიციატივა 32 წლის ჰაკან ჩალჰანოღლუმ და 36 წლის ჰენრიხ მხითარიანმა ჩამოართვეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები არ არიან“.
ცნობისათვის, წლევანდელი სეზონის დასაწყისში დიტმარ ჰამანმა კიდევ ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა და „ბაიერნის“ ფეხბურთელები ჰარი კეინის დამატებისთვის გააკრიტიკა, რომელსაც სუპერშედეგიანი წელი ჰქონდა და რამდენიმე რეკორდიც მოხსნა.