გიორგი ნემსაძე
Aa
Aa

„სასწრაფოდ ახალი ყრილობა დანიშნე“ - ნემსაძე სააკაშვილის სატელეფონო ზარზე და სკანდალურ არჩევნებზე

2007 წლის 13 მაისს, არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად მსოფლიო სპორტის ისტორიაში ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არჩევნები ჩატარდა. ყრილობაზე 19 დელეგატმა გიორგი ნემსაძეს დაუჭირა მხარი, მოქმედმა პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი-უმცროსმა კი მხოლოდ 16 ხმა მიიღო და დამარცხება აღიარა. თუმცა, არჩევნების დასრულებიდან ზუსტად ორ საათში ნემსაძემ სენსაციური განცხადება გააკეთა, თანამდებობა დატოვა და ხელახალი ყრილობა დანიშნა, სადაც პრეზიდენტად ისევ ნოდარ ახალკაცი-უმცროსი აირჩიეს.

თვრამეტი წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა. გიორგი ნემსაძემ დაწვრილებით გაიხსენა ყრილობამდე და ყრილობის შემდეგ მომხდარი ამბები და სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რომლის მიხედვითაც, არჩევიდან რამდენიმე საათში, პოსტის დატოვება ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსთხოვა.

გიორგი ნემსაძე

გულშემატკივარს მხოლოდ ერთი შემთხვევა ახსოვს. არადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის სურვილი ორჯერ მქონდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. 2006 წელს, როდესაც უკვე კარიერის დასრულებას ვაპირებდი, დამიკავშირდა ჩემი მეგობარი, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მკითხა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას შევძლებდი თუ არა, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ მართვის სათანადო გამოცდილება არ გამაჩნდა, სპორტის ამ სახეობისადმი უდიდესი სიყვარულის გამო, უარი არ ვთქვი.

სხვათა შორის, მაშინ ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები ჩაინიშნა, რადგან იმდროინდელი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრეს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ვემზადებოდი, როდესაც გავიგე, რომ მთავრობას გერმანიიდან ნოდარ ახალკაცი-უმცროსი ჩამოჰყავდა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მას ამზადებდნენ. არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე კი, დამირეკა ჩემმა მეგობარმა, რომელიც  მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მითხრა, რომ გიგი უგულავა ჩემგან კანდიდატურის მოხსნას ითხოვდა, რადგან ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ასე იყო საჭირო. ჩემი თვითმიზანი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა არასოდეს წარმოადგენდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია და განზე გავდექი. ახალკაცმა წელიწადნახევარი იმუშავა, კარგად თუ ცუდად, ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია. მოვიდა მომდევნო არჩევნების დრო და კვლავაც შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. ჩემი პირობა ასეთი იყო - თუ საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ ჩატარდებოდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებოდი თანახმა. გარკველწილად ხელის შეშლის საფრთხეც თითქოს არ იგრძნობოდა, რადგან მმართველ გუნდში მეგობრები მყავდა. არავისთვის დასამალი არ არის, რომ დავით კირკიტაძესთან ახლო ურთიერთობა მქონდა და მხარს აქტიურად მიჭერდა.

ჩატარდა არჩევნები და 19:16 გავიმარჯვე. დამარცხებულმა კანდიდატმა მომილოცა და მაშინ უკვე, როდესაც აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ჩატარებისთვის ვემზადებოდი, მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ დავით კირკიტაძეს სასწრაფოდ სურს ჩემი ნახვა და გვერდით ოთახში მელოდება. მეუხერხულა ამდენი ადამიანის დატოვება, მაგრამ იძულებული გავხდი ნახევარსაათიანი შესვენება გამომეცხადებინა.

გავედი მეორე ოთახში, სადაც კირკიტაძესთან ერთად, კულტურის და სპორტის მაშინდელი მინისტრის, გიორგი გაბაშვილის მოადგილე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ნამგალაური იჯდა. კირკიტაძემ მეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაურეკათ და ვციტირებ: „დაახურათ თავზე ყველაფერი და პრეზიდენტს ჩემთან სურს საუბარი“.

მართლაც, რამდენიმე წუთში რეკავს ტელეფონი, ხმამაღალ რეჟიმზე ჩართეს და სააკაშვილი მეუბნება სიტყვა-სიტყვით: „ნემსა, შენთან ორი სათხოვარი მაქვს - პირველი ის, რომ სასწრაფოდ ხელახალი ყრილობა უნდა დანიშნო და პოსტი დატოვო, ხოლო მეორე ის, რომ ამ ყველაფრის გაკეთება 3-საათიან კურიერის დაწყების დროს დავამთხვიო. მიზეზად კი ის მოიყვანა, რომ შიდა პოლიტიკური დაპირისპირება აქვს და თან ასეთი სიტყვები მითხრა, რომ ქვეყნის ნგრევას ფეხბურთით ნუ დავიწყებდი. როგორც შემდგომში გაირკვა, გიგი უგულავა, გიორგი გაბაშვილი და ალექსანდრე ლომაია მიშას ემუქრებოდნენ, რომ თუ მე არ გადავდგებოდი და ახალკაცი პრეზიდენტად არ დარჩებოდა, ისინი ოპოზიციაში გადავიდოდნენ და სააკაშვილს აქციებს მოუწყობდნენ.

სახანძრო გასასვლელით გამიყვანეს შენობიდან, ჩავედი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე და გავაკეთე ის განცხადება, რომელიც ყველას მოსმენილი აქვს. ერთი კვირა ძალიან ცუდად ვიყავი, სახლიდან გარეთ არ გავდიოდი და სრულ იზოლაციაში გახლდით. საოცარი ის არის, რომ თითქმის ჩემი ბედი გაიზიარა და ანალოგიურად მოხსნეს ახალკაციც.

ზუგდიდში, სამთავრობო სხდომა მიმდინარეობდა, როდესაც სააკაშვილს იქ არსებული საფეხბურთო კომპლექსი ისე მოეწონა, რომ იკითხა ვისი აშენებული იყო და როდესაც გაიგო, რომ ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ზვიად სიჭინავა გახლდათ, ნიკა რურუას მაშინვე ნოდარ ახალკაცის გადაყენება და მის ნაცვლად სიჭინავას დანიშვნა მოსთხოვა.

სხვათა შორის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევისთანავე, ზვიად სიჭინავა დამიკავშირდა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, რომ არსებობდნენ მთავრობაში ადამიანები, რომლებსაც ჩემი ფედერაციაში მუშაობა არ სურდათ და შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტად ვეღარ დამნიშნავდა.

ცნობისათვის, 2007 წელს ჩატარებულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ახალკაცისა და ნემსაძის გარდა, კენჭს მამუკა კვარაცხელიაც იყრიდა, რომელიც დღეს საგამოძიებო სხდომაზე ასევე იმყოფებოდა და დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რომელსაც ადგილი მასთან მიმართებაში ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტურის საუკეთესო გოლი | მიქაუტაძე LEquipe-ის რჩეულებშია
ტურის საუკეთესო გოლი | მიქაუტაძე LEquipe-ის რჩეულებშია