ტურის საუკეთესო გოლი | მიქაუტაძე LEquipe-ის რჩეულებშია
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ლიგა 1-ის 31-ე ტური შეაფასა და საუკეთესო გოლის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. ნომინანტთა შორის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა და L’Equipe-მა გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია.
„მეორე მარგალიტი ლიონისა და რენის შეხვედრიდან. კომბინაცია რაიან შერკისა და გიორგი მიქაუტაძის მონაწილეობით, რომელიც მეცის ყოფილმა ფეხბურთელმა დააგვირგვინა. მოედანზე ერთი წუთით ადრე შესულმა ქართველმა ფრანგი თანაგუნდელის ჭკვიანური პასი მიიღო, ბურთი მკერდით იდეალურად გააკონტროლა, შემდეგ კი აუღებელი დარტყმა გაუშვა“, - წერს ფრანგული გამოცემა.
მიქაუტაძის კონკურენტები უსმან დემბელე, მორგან სანსონი, ამინ გური და მალიკ ფოფანა არიან. გამოკითხვა L’Equipe-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ რეგისტრაცია გავლილ მომხმარებლებს აქვთ.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 31-ე მატჩი ჩაატარა, მის აგნარიშზე კი 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ამასთან, ქართველმა შემტევმა ევროპა ლიგაზე 11-ჯერ მოირგო „ლიონის“ მაისური და თავი 4 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.