ლებრონის ლეიკერსი გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია | ლილარდი დაიმტვრა
ლებრონ ჯეიმსისა და ლუკა დონჩიჩის „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ პლეიოფიდან გავარდნასთან ერთ ნაბიჯშია. დასავლეთ კონფერენციის პირველ რაუნდში, „ლეიკერსის“ მეტოქე „მინესოტა ტიმბერვულვზი“ გახლავთ და ლოს ანჯელესელები სერიას 1:3-ს აგებენ.
სერიის მეოთხე შეხვედრა „მინესოტას“ საშინაო არენაზე გაიმართა და „ლეიკერსი“ გამარჯვებასთან ახლოს იყო. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლებრონი და კომპანია 7 ქულით იყვნენ წინ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 113:116 წააგეს.
„ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე მეტი, 38 ქულა დონჩიჩის ანგარიშზეა. ჯეიმსს 27 ქულა, 12 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა, რუი ჰაჩიმურამ 23 ქულა დააგროვა. „მინესოტას“ ენტონი ედვარდსმა ულიდერა - 43 ქულა. ჯულიუს რენდლს 26 ქულა ჰქონდა, ჯეიდენ მაკდენიელსს - 16.
აღმოსავლეთ კონფერენციაში, პრობლემები აქვს „მილუოკი ბაქსს“. ვისკონსინელები „ინდიანა პეისერსთან“ მესამედ დამარცხდნენ, სერიას 1:3-ს აგებენ და დემიენ ლილარდი დაემტვრათ. ამ გუნდების მეოთხე შეხვედრა „ბაქსის“ საშინაო არენაზე გაიმართა და „ინდიანამ“ 129:103 მოიგო.
ლილარდმა ტრავმა პირველ მეოთხედში მიიღო და სავარაუდოდ, მიმდინარე პლეიოფში გუნდს ვეღარ დაეხმარება. მისი დაკარგვის შემდეგ, „მილუოკის“ მხრიდან 28 ქულით, 16 მოხსნითა და 6 ასისტით იანის ანტეტოკოუნმპო გამოირჩა. კევინ პორტერ ჯუნიორმა 23 ქულა დააგროვა. „ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო მაილს ტერნერი იყო - 23 ქულა. ენდრიუ ნიმბჰარდმა 20 ქულა მიითვალა, ტაირიზ ჰალიბერტონმა - 17 ქულა, 15 პასი.