ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„დაუჯერებელი რამ მოხდა, ლუის ენრიკესთან ყოფნით ბედნიერი ვარ“ | კვარას ინტერვიუ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. „კვარამ“ ახალ გუნდში ადაპტაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა, რაც მოხდა.

როგორ გადის ადაპტაციას

„ვფიქრობ, ურთულესი რამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაა, რომელიც შეიძლება, მთავარი მწვრთნელისთვისაც პრობლემური იყოს. ზამთარში ტრანსფერის შემთხვევაში, ადაპტაციისთვის მცირე დრო გაქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, გუნდის თავკაცის, პერსონალის, სამწვრთნელო შტაბისა და ფეხბურთელების დამსახურებით, რომლებმაც თბილად მიმიღეს, ეს პროცესი მშვენივრად გავიარე. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მხარდაჭერა მეხმარება, მოედანზე უკეთ გამოვიდე“.

ფანების რეაქცია და თბილად მიღება.

„ის ფაქტი, რომ გულშემატკივრებმა ასე სწრაფად მიმიღეს და თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ, მოედანზე ჩემი ადგილის პოვნაში მეხმარება და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღო. ქომაგებისგან პირველივე მომენტში უდიდესი მხარდაჭერა ვიგრძენი, შემდეგ კი, როდესაც მოედანზე გავედი, მივხვდი, რომ ბედნიერი ვიყავი და ამავდროულად, თავი დიად ფეხბურთელად ვიგრძენი. ეს ყველაფერი კლუბის დამსახურებაა. პსჟ-ს შეუძლია ისე მიგიღოს, რომ საკუთარი თავის ირწმუნო და როგორც ფეხბურთელმა, შენი თვისებები დაინახო. ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ტოპ მოთამაშე დიდ კლუბში გადავედი. ეს ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. კლუბის დამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს“.

რას ფიქრობს ქალაქზე

„ყველასთვის ცნობილია, რომ პარიზი მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ამ კლუბში ვთამაშობ. სიმართლე გითხრათ, ეს რაღაც დაუჯერებელია. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა: საოცარი ქალაქში ვცხოვრობ და შესანიშნავი კლუბის ნაწილი ვარ. მიმაჩნია, რომ ქალაქს მნიშვნელოვანი როლი აქვს. განსაკუთრებით, როდესაც ოჯახი შენთან ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილი, სადაც ხარ, მშვიდი და კომფორტული იყოს. მე და ჩემი ოჯახი აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. დღეს, ამ კლუბის ნაწილი ვარ და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს თბილი მიღებისთვის“.

ურთიერთობა ლუის ენრიკესთან

„ფეხბურთელის კარიერაში მწვრთნელს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი აქვს. ყველაზე მეტად, რამაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მისი ხასიათი და ფეხბურთელებისადმი გამოჩენილი მოპყრობაა. ის გაგრძნობინებს, რომ, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, კლუბისთვის და ფანებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღო. ის უდიდესი პატივისცემით გექცევა და იცის, რა უნდა. ვიცით, როგორი მწვრთნელია, მაგრამ მისმა ადამიანურობამ, მისმა ფეხბურთელებთან კომუნიკაციის უნარმა და ფეხბურთის ამბების გაზიარების მანერამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ კლუბში მასთან ერთად ვარ“.

საფრანგეთის ჩემპიონობა

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტიტული მოვიგე. თუმცა, კიდევ ბევრი მიზანი გვაქვს მისაღწევი. შანსი გვაქვს, კიდევ ორი ტიტული მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. თავდაუზოგავად ვმუშაობთ, რათა მოვიგოთ ის, რასაც ვიმსახურებთ. მაქსიმუმს ვიზამთ. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და ყველაფერი უნდა გავიღოთ“.

ცნობისთვის, „კვარა“ პსჟ-სთან ერთად, საფრანგეთის ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა და ლიგის ნახევარფინალშია გასული. მისი მეტოქე „არსენალი“ გახლავთ და ამ გუნდების პირველი შეხვედრა 29 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდოდა, რომ ოქროს ბრძოლაში მე ამოვსულიყავი“ - სომხიშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
„მინდოდა, რომ ოქროს ბრძოლაში მე ამოვსულიყავი“ - სომხიშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ