მაკტომინეის დუბლი - ნაპოლიმ ტორინო დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.
ანტონიო კონტეს გუნდმა „ინტერის“ მარცხის შედეგად მიღებული შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა და სატურნირო ცხრილში უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა, რითაც ერთპიროვნულად გალიდერდა და ჩემპიონობის რეალური შესაძლებლობაც შეიქმნა.
დღევანდელ შეხვედრაში ორივე გოლი სკოტ მაკტომინეიმ გაიტანა. შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ანგარიში მე-7 წუთზე, ანგისას პასის შედეგად გახსნა, 41-ე წუთზე კი პოლიტანოს გადაცემა გამოიყენა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „ნაპოლის“ 74 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ინტერს“, რომელმაც შიდაჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი წააგო, 3 ქულით უსწრებს.
ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო ტურში სტუმრად მე-17 ადგილოსან „ლეჩეს“ დაუპირისპირდება, „ინტერი“ კი სახლში „ვერონას“ მიიღებს.