ჩემპიონის მეექვსე ტიტული - ფურცელაძის კიდევ ერთი წარმატება
საბა ფურცელაძისთვის 2025 წელი კარიერაში უდავოდ საუკეთესოა - 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში უკვე ITF-ის ექვსი ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც მთლიანობაში ერთეულთა შორის - ათ შეჯიბრებაში, ხოლო წყვილებში ექვსი ტურნირის მოგება დაუგროვდა.
ფურცელაძე ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე შარმ ელ შეიხის 25-ათასიან საერთაშორისო ტურნირზე აღმოჩნდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ერიკ არუთინიანი ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა. ფინალამდე კი მან თურქ, გიბრალტარელ, ეგვიპტელ და ფილიპინელ მოწინააღმდეგეებს აჯობა.
მოგებულმა ტურნირმა საბა ფურცელაძეს ATP-ის ლაივ-რეიტინგში 50-საფეხურიანი პროგრესი განაპირობა და ამჟამად ის 316-ე პოზიციაზეა, რითაც ქართველ ჩოგბურთელებს შორის მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩამორჩება, რომელიც 155-ე ადგილს იკავებს.