ანჩელოტის ბედი წყდება - პერესთან შეხვედრა ჩაინიშნა
კარლო ანჩელოტის პოზიციები მადრიდის „რეალში“ ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „არსენალთან“ განცდილი მარცხის შემდეგ შეირყა. გუშინ, კოპა დელ რეის ფინალში ყველაზე პრინციპულ მეტოქე „ბარსელონასთან“ წაგებამ კი, როგორც იტყვიან ცეცხლზე ნავთი დაასხა და ახლა იტალიელი სპეციალისტი პოსტიდან გადაყენების რეალური კანდიდატია.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, ყველაფერს ფლორენტინო პერესისა და კარლიტოს შეხვედრა გადაწყვეტს, რომელიც უახლოეს საათებში შედგება და შეიძლება სულაც ისე მოხდეს, რომ „ბლანკოსის“ პრეზიდენტი წლევანდელი სეზონის დასრულება აღარც დაელოდოს, ისე მიუთითოს იტალიელს კარისკენ, რომლის ხელმძღვანელობითაც წელს სამეფო კლუბი ციდან ვარსკვლავებს ვერც ესპანეთის ლა ლიგაში წყვეტს და გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, ლიდერ „ბარსას“ ოთხი ქულით ჩამორჩება.
ცნობისათვის, გათავისუფლების შემთხვევაში კარლიტოს დიდხანს უმუშევრად დარჩენა არ ემუქრება - 65 წლის სპეციალისტს ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლობას სთავაზობენ და თანხმობის შემთხვევაში, სანაკრებო დონეზე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.