ყველა დროის ათეულში - კარის მორიგი რეკორდი
მათი ასაკიდან, კოლოსალური გამოცდილებიდან და იმ საოცარი სათამაშო კლასიდან გამომდინარე, რომელიც როგორც ერთს, ასევე მეორეს მოჭარბებულად გააჩნია, სტეფ კარისთვის და ლებრონ ჯეიმსისთვის NBA-ში ლამის ყველა მომდევნო მატჩი სარეკორდოა, ან რაიმე საინტერესო მიღწევით არის დასამახსოვრებელი. ამჯერად ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე კარისთან მიმართებაში, რომელიც „გოლდენ სტეიტს“ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.
„უორიორსმა“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონი“ 11-ქულიანი სხვაობით, 104:93 დაამარცხა და ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ამჯერადაც „მეომრების“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სტეფი გახლდათ, რომელმაც 36 ქულასთან ერთად, 7 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი ასისტი დააკლდა. დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ, 37 წლის კალათბურთელს NBA-ში კარიერაში 4053 ქულა დაუგროვდა, რის შემდეგაც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეების ათეულში შევიდა. კარიმდე მეათე ადგილს „სან ანტონიოს“ ლეგენდა ტონი პარკერი იკავებდა, რომლის ანგარიშზეც 4045 ქულაა.
ცნობისათვის, „გოლდენ სტეიტი“ „როკეტსთან“ სერიაში 2:1-ს იმარჯვებს და ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრას 29 აპრილს დილით, ისევ „მეომრების“ საშინაო დარბაზი უმასპინძლებს.