მატკავას დებიუტი - კასტრი ტულუზასთან დამარცხდა
ლუკა მატკავას დებიუტი „კასტრის“ შემადგენლობაში წარმატებული აღმოჩნდა. მართალია ის და მისი თანაგუნდელები გათამაშების ლიდერ „ტულუზასთან“ სტუმრად დიდი სხვაობით, 6:52 დამარცხდნენ, თუმცა 23 წლის ქართველ მორაგბეს ამაში ნაკლები ბრალი მიუძღვის, რადგან ის ახალ გუნდში მხოლოდ პირველ მატჩს ატარებდა და გარდა, ამისა ქულების აქტივიც გახსნა.
საქართველოს ნაკრების მგეზავმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მერვე წუთზე სტუმრები ზუსტი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. თუმცა, ამის შემდეგ „კასტრმა“ საკუთარ ჩათვლის მოედანში ოთხი გარდასახული ლელო მიიღო და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა. მატკავამ კი, 22-ე წუთზე მეორე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა და ექვსივე ქულა კასტრელებს შორის მან დააგროვა. რაც შეეხება ლუკას თანაგუნდელს, ლევან ჩილაჩავა შეხვედრაში ცვლილებაზე ჩაერთო და მოედანზე ბოლო 19 წუთი გაატარა.
ცნობისათვის, ლუკა მატკავა, რომელიც ბოლო პერიოდში „შავი ლომის“ ღირსებას იცავდა, რამდენიმე კვირის წინ „კასტრმა“ სამედიცინო ჯოკერის სტატუსით დაიმატა.