ბარსელონა, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ანჩელოტი: “გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით“

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბრწყინვალე ელ კლასიკო ვიხილეთ. ბარსელონამ რეალს 3:2 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ბარსელონა ბურთის ჩვენი მცველების უკან გადმოგდებას ცდილობდა და სწორედ ეს ართულებდა ყველაფერს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ყველაფერი გავეცით, კარგად ვიასპარეზეთ და არაფერზე გვაქვს პრეტენზია. გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით.

მეორე ტაიმში დაცვაში უკეთესად თამაშს ვცდილობდით. როდესაც მათ ზეწოლა ოდნავ შეამცირეს, ჩვენ ეს გამოგვივიდა. მეორე ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ. მწყინს, რომ თასი ვერ ავიღეთ, მაგრამ ის ფეხბურთი ვითამაშეთ, რაც უნდა გვეთამაშა. საყვედურს ვერავინ იტყვის.

რაღაც არასწორად მოხდა. ბრაჰიმს ეგონა, რომ მოდრიჩი უკან გაყვებოდა, მაგრამ ლუკამ პასი გააკეთა და გაჩერდა. ბრაჰიმმა სიტუაცია სხვანაირად შეაფასა. ეს ის პატარა დეტალებია, რომლებიც ზოგჯერ ძვირი გიჯდება. ახლა უნდა დავისვენოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. მსაჯებზე საუბარი არ მსურს. წითელი ბარათი? არ ვიცი ბოლოს რა მოხდა. რუდიგერმა ბრწყინვალედ ითამაშა. იმიტომ შევცვალე, რომ ძალიან დაიღალა.“

ამგვარად, ჰანსი ფლიკს ბარსელონაში უკვე ორი ტიტული დაუგროვდა და ორივე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფინალში მოიგო. კატალონიური გრანდი, რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება რეალს, მადრიდული კლუბი ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდს ბარსელონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. ეს გუნდები ლა ლიგაში ერთმანეთს 11 მაისს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები