დრამა სამეფო თასის ფინალში | ბარსელონამ რეალს დამატებით დროში მოუგო
სამეფო თასის ფინალში „ბარსელონამ“ და „რეალმა“ მორიგი სპექტაკლი შემოგვთავაზეს - გამარჯვების გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო და საბოლოოდ ტიტული ჰანსი ფლიკის გუნდს ერგო.
ანგარიში 28-ე წუთზე ლამაზი შორეული დარტყმით პედრიმ გახსნა და შესვენებაზე კატალონიელები მინიმალური უპირატესობით გავიდნენ.
შესვენებაზე კარლო ანჩელოტიმ მოედანზე როდრიგოს ნაცვლად კილიან მბაპე შეუშვა და მადრიდული კლუბის შეტევა სწორედ ფრანგმა ვარსკვლავმა გამოაცოცხლა. 70-ე წუთზე მბაპემ საჯარიმო დარტყმა ოსტატურად შეასრულა და ვოიცეს შესნის შანსი არ დაუტოვა, 77-ე წუთზე კი „ბლანკოსი“ წინ გავიდა - თავი ორელიენ ჩუამენიმ გამოიჩინა.
„ბარსელონამ“ სიტუაციის გამოსწორება სცადა და მათმა მცდელობებმა შედეგი 84-ე წუთზე გამოიღო - ლამინ იამალის პასის შემდეგ ფერან ტორესი კარიდან გამოსულ ტიბო კურტუას გასცდა და ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „რეალის“ კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო და, როგორც აღმოჩნდა, რაულ ასენსიოს რაფინიას წინააღმდეგ წესები არ დაურღვევია. პენალტი გაუქმდა, ბრაზილიელმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, მატჩი კი ოვერტაიმში გადავიდა.
დამატებით დროში ორივე გუნდს დაღლა დაეტყო, რასაც ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტი მოჰყვა, თუმცა უფრო ეფექტიანად „ბარსელონამ“ იმოქმედა: ლუკა მოდრიჩისა და ბრაიმ დიასის შეუთანხმებელი მოქმედებებით ჟიულ კუნდემ ისარგებლა და მესამე გოლი გაიტანა.
ამგვარად, ჰანსი ფლიკმა „ბარსელონაში“ სადებიუტო სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო (ესპანეთის სუპერთასი და თასი). სულ რამდენიმე დღეში კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ინტერს“ მიიღებენ.
რაც შეეხება „რეალს“, მადრიდული კლუბი ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდს „ბარსელონასგან“ ოთხქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად 5 მატჩი ექნება.