ილია სულამანიძე
Aa
Aa

სულამანიძე: “ჩემი მენტალიტეტისთვის ეს გამარჯვება მჭირდებოდა“

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია - მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა (100 კგ) აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იუკოთი დაამარცხა და 2023-2024 წლებში მოპოვებული ვერცხლის მედლების შემდეგ, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

ქართველმა ძიუდოისტმა, დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

ილია:

„ძალიან დავიღალე. როცა ქულას იღებ, მეტოქე შეტევაზე გადმოდის და უფრო მეტად გიტევს. ზელიმი შესანიშნავი ადამიანი და კარგი ძიუდოისტია. ამიტომ მიხარია, რომ ეს ფინალი იყო, თუმცა ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ. ოქროს მედალი მაქვს. ვფიქრობ, ჩემი მენტალიტეტისთვის ეს მჭირდებოდა. ამისთვის 100%-ით არ მოვმზადებულვარ, რადგან წინ უფრო რთული მსოფლიოს ჩემპიონატი და ვარჯიშები მელოდება, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი და ვფიქრობ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად მოხდა.“

აქვე გეტყვით, რომ ილია შეჯიბრებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და სერბი ალექსანდრ კუკოლი ვაზარით დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში იტალიელ ჯენარო პირელისთან იუკოთი გამარჯვება მოჰყვა, ხოლო ფინალში ჭიდაობის უფლება 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი მოწინააღმდეგის, არმან ადამიანის ვაზარით ძლევით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საშეჯიბრო დღემდე ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე სამი მედლის მოპოვება შეძლეს - ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ზურიკო თავის გუნდში საუკეთესო იყო
Sofascore - ზურიკო თავის გუნდში საუკეთესო იყო