„იმედია, UFC-ის 4 ქართველი ჩემპიონი ეყოლება“ - გიგა ჭიკაძე
UFC-ის ქვემსუბუქი წონით დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ Inside Fighting-თან ინტერვიუში ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
„იმედია, UFC-ის 4 ქართველი ჩემპიონი ეყოლება - მე, თოფურია, დვალიშვილი, პლუს დოლიძესაც შეუძლია ჩემპიონობა. ახლა ყველა საქართველოზე საუბრობს. ამ 4 წონაში დომინირების კარგი შანსები გვაქვს, დოლიძეს კი არა მხოლოდ საშუალოში, არამედ ქვემძიმეში ჩხუბიც შეუძლია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
შეუძლია თუ არა ილიას ისლამის დამარცხება? ნახეთ, ვინ დაამარცხა ილიამ - ესაა ჩემი პასუხი. თოფურიამ შთამბეჭდავად მოუგო როგორც ვოლკანოვსკის, ისე ჰოლოუეის. თოფურია ძლიერია, მას ნებისმიერი მეტოქის „დაძინება“ შეუძლია. ისლამი ლეგენდარული ჩემპიონია და მე იმედი მაქვს, რომ მათ ჩხუბს ვიხილავთ“.
ცნობისთვის, სულ რამდენიმე საათში გიგა ჭიკაძე UFC-ში მე-11 ბრძოლას გამართავს. „ნინძას“ მეტოქე 30 წლის დევიდ ონამა იქნება, რომელსაც UFC-ში 5 მოგება და 2 მარცხი აქვს.