მერვე საგოლე მოქმედება სეზონში | წიტაიშვილმა ლიდერს გაუტანა
ლა ლიგა 2-ის 37-ე ტურში „გრანადა’’ შინ ჩემპიონატის ლიდერ „ელჩეს’’ გიორგი წიტაიშვილის სწრაფი გოლით ამარცხებდა, მე-13 წუთზე ქართველმა გარემარბმა მეტოქის პასი ჩაჭრა, შეტევა წამოიწყო და თავად დაასრულა. ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 32 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა (8 საგოლე მოქმედება).
ხაზი იმ ფაქტსაც უნდა გავუსვათ, რომ წიტაიშვილი ცაციაა და გოლი მარჯვენა ფეხით გაიტანა.
მე-16 წუთზე „ელჩემ’’ ანგარიში გაათანაბრა, 49-ე წუთზე წიტაიშვილის თანაგუნდელმა ბოიემ პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა.
„გრანადას’’ მთავარმა მწვრთნელმა ფრან ესკრიბამ წიტაიშვილი 79-ე წუთზე შეცვალა. ამ შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელს გოლის გარდა შეტევაში არაფერი შეუქმნია. 13-დან 10 პასი ზუსტად შეასრულა.
ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა, ლა ლიგა 2-ში მეტწილად სასტარტოშია, 32-დან 28 მატჩი სასტარტო 11-ეულიდან დაიწყო, ოთხ შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა. წიტაიშვილს ხშირად ცვლიან, 28-დან 24 მატჩში შეცვალეს, შეუცვლელად მხოლოდ ოთხი შეხვედრა დაასრულა.
37 ტურში „გრანადამ'' 59 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა. თუ გუნდი საუკეთესო ექვსეულში ადგილს შეინარჩუნებს, ფლეი-ოფის გზით ლა ლიგაში აღზევების შანსს მიიღებს.