„ეს შეთავაზება შარშან რომ მქონოდა, დავთანხმდებოდი“ - რაფინია „ალ-ჰილალზე“
„ბარსელონას“ ბრაზილიელმა გარემარბმა, რაფინიამ ისაუბრა წინადადებაზე, რომელიც მას საუდის არაბეთიდან გაუკეთეს.
რაფინიას თქმით, შეთვაზებაში მითითებულმა რიცხვებმა ის ძალიან გააკვირვა, ვინაიდან ეს თანხა მისი ოჯახის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლიდა.
„შემატყობინეს საუდის არაბეთიდან მიღებული შეთავაზების შესახებ და, მართალი გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ რიცხვები ძალიან დიდი იყო.
ასეთი შეთავაზება შარშან რომ მიმეღო, ვფიქრობ, დავთანხმდებოდი. მაშინ მორალურად გატეხილი ვიყავი, ეს კონტრაქტი კი ჩემს და ჩემი ოჯახის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლიდა. ვინც საპირისპიროს ამბობს, ყველა ტყუის. შეუძლებელია დაინახო ასეთი რიცხვები და არ იფიქრო, როგორ შეიცვლებოდა შენი ცხოვრება ამ კონტრაქტის ხელმოწერის შემთხვევაში.
ვფიქრობ, ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ჯერ კიდევ შემიძლია „ბარსელონას“ წარმატებაში წვლილის შეტანა, რაც, თავის მხრივ, ბრაზილიის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მაძლევს. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი უზარმაზარ თანხაზე“.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რაფინიამ „ბარსელონას“ მაისურით ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი მიითვალა.