რევანშის ბრწყინვალე შანსი სულამანიძეს - ილიას კოცოევთან ფინალი ელოდება
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დღეს სრულდება და ფინალური ბლოკის წინ, რომელიც თბილისის დროით ტრადიციულად 18:00 საათზე დაიწყება, კონტინენტის პირველობის მოგების შანსი ილია სულამანიძეს (100 კგ) აქვს, რომელმაც ყველა შეხვედრა მარტივად, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოიგო და ფინალში მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი ელოდება, რომელთანაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დასანანი მარცხი იწვნია და ახლა რევანშის ბრწყინვალე საშუალება ექნება.
ილია შეჯიბრებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და სერბი ალექსანდრ კუკოლი ვაზარით დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში იტალიელ ჯენარო პირელისთან იუკოთი გამარჯვება მოჰყვა, ხოლო ფინალში ჭიდაობის უფლება 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი მოწინააღმდეგის, არმან ადამიანის ვაზარით ძლევით შეძლო.
არამარტო დღევანდელი დღის, არამედ მთლიანად ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია იყო გურამ თუშიშვილის (+100 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხება - 30 წლის ქართველ ძიუდოისტს თურქმა რეჩეპ ერგინმა თავიდანვე ორი იუკო აუღო, რის შემდეგაც მახრჩობელა ილეთი გაუკეთა და იპონით გაიმარჯვა.
რაც შეეხება სოფიო სომხიშვილს (+78 კგ), თავდაპირველად მან აზერბაიჯანელ ნიგარ სულეიმანოვას აჯობა, თუმცა მერვედფინალში ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუს მარია ივანოვასთან ვეღარაფერს გახდა და იპონით წააგო.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საშეჯიბრო დღემდე ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე სამი მედლის მოპოვება შეძლეს - ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.