ექვსი გოლი ბუნდესლიგაში - ცხოვრებაძე ფორმაში შედის
სანაკრებო პაუზის დროს, თბილისში ჩამოსულმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცხოვრებაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით, „გუმერსბახში“ წელს საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა, რის გამოც უახლოეს პერიოდში გადამჭრელი ზომების მიღებას გეგმავდა. როგორც ჩანს, უნიჭიერესმა ქართველმა სპორტსმენმა თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე, მთავარ მწვრთნელს თავისი სათამაშო კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა და ნელ-ნელა ისევ შედეგიანი გახდა.
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „გუმერსბახმა“ საკუთარ დარბაზში „პოტსდამი“ 4-ბურთიანი სხვაობით, 31:27 დაამარცხა. 24 წლის ქართველი ხელბურთელი კი, მასპინძლების წარმატების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახლდათ და თავი 6 გოლით გამოიჩინა. ეს გამარჯვება გიორგის გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის და მარცხის შემთხვევაში მიზნის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდებოდა.
ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურით ადრე, „გუმერსბახი“ 30 ქულით მეცხრე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურის მომტან ზონას 7 ქულით ჩამორჩება. ცხოვრებაძე და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში, 2 მაისს, სტუმრად „ლემგოს“ დაუპირისპირდებიან.