რემატჩი ყირგიზ მეტოქესთან - ახობაძეს გამარჯვების იმედი აქვს
დღეს, ბათუმში მკლავჭიდის მოყვარულებს დიდი სანახაობა ელით. ქართველი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ვახტანგ ახობაძე ყირგიზ მოწინააღმდეგე ბექბოსუნ ტოქტოსუნთან რემატჩს გამართავს და მის კიდევ ერთხელ დამარცხებას შეეცდება. გუშინ, ღონისძიების დაწყებამდე 24 საათით ადრე, ეგრეთწოდებული FACE TO FACE-ის ღონისძიება შედგა, რომლის დასრულების შემდეგაც როგორც ერთმა, ასევე მეორე მებრძოლმა მედიისთვის კომენტარები გააკეთა.
ვახტანგ ახობაძე
ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით კარგ ფორმაში ვარ, ვიდრე 2024 წელს ვიყავი, როდესაც ტოქტოსუნი დავამარცხე. თანაც, მაშინდელი შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ღონისძიება ჩემს სამშობლოში ტარდება და გულშემატკივრის მხარდაჭერის დიდი იმედი მაქვს. მზადებამ გეგმაზომიერად ჩაიარა და გპირდებით, რომ მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
ცნობისათვის, დღევანდელი მასშტაბური ღონისძიება ბათუმში, სასტუმრო „გრანდ ბელაჯიოში“ 20:00 საათზე დაიწყება და ქართველი პარამკლავჭიდელის, ვახტანგ ახობაძის შეხვედრა ყველაზე ბოლო იქნება, რადგან ღონისძიების მთავარი დაპირისპირების სტატუსი აქვს მინიჭებული. ახობაძის გარდა, დღეს ბრძოლას კიდევ ოთხი ქართველი, ავთანდილ თუთბერიძე, გიგა ბერაძე, ქრისტინე ჟორჟოლიანი და ნოდარ ბოჯგუა გამართავს, რომელთა მეტოქეებიც შესაბამისად, სომეხი ვლადიმერ მნატსაკანიანი, თურქი მურატ ეფე კომეკი, უკრაინელი ბოგდანა ლეხმანი და სომეხი ვაჩაგან ჰოვჰანისიანი იქნებიან.