მილუოკის და მინესოტას დომინირებით - ჯეიმსის თავგანწირვამ ლეიკერსს ვერ უშველა
„ორლანდო“ – „ბოსტონის“ გარდა, თბილისის დროით დღეს დილით გამთენიისას, NBA-ში პლეი ოფის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა და მოვლენები ორივეში უზომოდ საინტერესოდ განვითარდა. „მილუოკიმ“ საკუთარ დარბაზში „ინდიანა“ 16-ქულიანი სხვაობით, 117:101 დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა - 1:2. ანალოგიური ანგარიშით გავიდა წინ სერიაში „მინესოტამ“, რომელმაც „ლეიკერსს“ უმასპინძლა და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 116:104 აჯობა.
რთული მისახვედრი არ არის, ვინ იქნებოდა „ბაქსის“ რიგებში გამორჩეული „პეისერსთან“ მოგებულ მატჩში - ბერძენმა ლეგიონერმა იანის ანტენტოკუმპომ 32 წუთში 37 ქულასთან ერთად, 12 მოხსნას, 6 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. რაც შეეხება „ინდიანას“, მის შემადგენლობაში პასკალ სიაკამი გამოირჩეოდა, რომელმაც შეხვედრა 30 წუთში დაგროვებული 28 ქულით, 5 მოხსნითა, 2 ასისტითა და 2 ჩაჭრით დაასრულა.
„ტიმბერვულვზთან“ მატჩში ფენომენალური თამაში აჩვენა უბერებელმა ლებრონ ჯეიმსმა, თუმცა მისი თავგანწირვა „ლეიკერსს“ გასამარჯვებლად არ ეყო - „მეფემ“ ორმაგი დუბლი შეასრულა და 41 წუთში 38 ქულა, 10 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. „მინესოტას“ რიგებში კი გამორჩეული ენტონი ედვარდსი გახლდათ, რომელიც ასისტების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო, საერთო ჯამში კი 29 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ამ წყვილებში სერიების რიგით მეოთხე შეხვედრებში მასპინძლები ისევ „ბაქსი“ და „ტიმბერვულვზი“ იქნებიან. დღეს საღამოს კი NBA-ში პლეი ოფის კიდევ ორი მატჩი „მაიამი“ – „კლივლენდი“ და „მემფისი“ – „ოკლაჰომა“ გაიმართება, რომლებიც თბილისის დროით, შესაბამისად, 21:00 საათზე და 23:30 წუთზე დაიწყება.