პსჟ-ის წაუგებელი სვლა დასრულებულია - ნიცამ პარიზელები შოკში ჩააგდო
2023-2024 წლების სეზონის ბოლო ტურში დაწყებული „პარი სენ-ჟერმენის“ წაუგებელი სერია საფრანგეთის ჩემპიონატში, 2024-2025 წლების სეზონის XXXI ტურში, საკუთარ სტადიონზე „ნიცასთან“ დასრულდა და დედაქალაქელები ორბურთიანი სხვაობით, 1:3 დამარცხდნენ. ლუის ენრიკეს „სენ-ჟერმენში“ მუშაობის თითქმის ორწლიან პერიოდში ლიგა 1-ში სულ მარცხი დაუგროვდა და აქედან ორჯერ მის მომზადებულ გუნდს ნიცელებმა მოუგეს - ლაჟვარდოვანი სანაპიროს წარმომადგენლებმა ამ სტადიონზე შარშანდელ სეზონშიც ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვეს.
ბევრი ვარაუდობდა, რომ „არსენალთან“ გასამართი უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე წამყვან ფეხბურთელებს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალებას მისცემდა, თუმცა ასტურიელმა სპეციალისტმა საბრძოლო შემადგენლობა დააყენა და წინა ხაზზე კვარა-დემბელე-დუეს ნაცად ტრიოს გამოუცხადა ნდობა.
პირველ ნახევარში მასპინძლები სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმართა პოლონელმა მეკარემ მარცინ ბულკამ თანაგუნდელები გაშვებული გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. 34-ე წუთზე კი, „ნიცას“ მშვენიერი კონტრშეტევა მორგან სანსონმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. ლაჟვარდოვანი სანაპიროს წარმომადგენლების სიხარული სულ შვიდი წუთი გაგრძელდა და 41-ე წუთზე უსმან დემბელეს კარგი პასით ფაბიან რუისმა წონასწორობა აღადგინა. სანსონი მხოლოდ ერთი ბურთით არ დაკმაყოფილდა და მეორე ტაიმის დასაწყისში ეფექტური დარტყმით „ნიცა“ წინ კიდევ ერთხელ გაიყვანა, რითაც „პარკ დე პრენსის“ პუბლიკა შოკში ჩააგდო. მსაჯის საფინალო სასტვენამდე 18 წუთით ადრე იუსუფ ნდაიშიმიემ კი სტუმრების უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა, რითაც გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში პარიზელებს სამი ურეალურესი მომენტი შეექმნათ, თუმცა ბულკამ სამივე შემთხვევაში ფენომენალურად ითამაშა და ურთულესი დარტყმები მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად აქტიური იყო - ცდილობდა თამაშის გამწვავებას და თანაგუნდელების დასარტყმელ პოზიციაზე გაყვანას. ერთ ეპიზოდში კი, ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ თავადაც სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა მარცინ ბულკამ მოიგერია. კვარამ ათბალიანი შეფასებით 7.8 მეათედი მიიღო, მისი დრიბლინგის ხუთი მცდელობიდან სამი წარმატებული აღმოჩნდა, ოთხი გამამწვავებელი პასი გააკეთა და გადაცემები 90-პროცენტიანი სიზუსტით გაანაწილა.
სამშაბათს, 29 აპრილს, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონში ადგილობრივი „არსენალის“ წინააღმდეგ ითამაშებს და მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. ლიგა 1-ის მომდევნო ტურში კი პარიზელების მეტოქე სტუმრად „სტრაბურგი“ იქნება - ეს შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით სტარტს 19:00 საათზე აიღებს.