„ილია ან გეიჯი მინდოდა“ | დასტინ პორიეს ინტერვიუ და ბრძოლა ჰოლოუეისთან
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დასტინ პორიე მომდევნო ჩხუბს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს. „ბრილიანტს“ რამდენჯერმე უთქვამს, რომ ერთი ორთაბრძოლის შემდეგ, კარიერას დაასრულებს და UFC-იმ მას BMF-ის (Baddest Motherfucker) საჩემპიონო ქამრით წასვლის შანსი მისცა.
MMAJunkie-ისთან საუბრისას, პორიემ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბოლო ჩხუბისთვის ორი ვარიანტი ჰქონდა შერჩეული და ჯასტინ გეიჯისთან ან ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურდა.
„ჰანტერ კემპბელს ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბს ვთხოვდი, რადგან ერთმანეთთან თითო-თითო გამარჯვება გვაქვს და ტრილოგიით დახურვა მინდოდა. რაღაც მიზეზის გამო, მათ ძალიან უნდოდათ, რომ მაქსთან მეჩხუბა. ეს ძალიან მაგარია, რადგან ჰოლოუეის დიდ პატივს ვცემ.
როდესაც თოფურიამ თქვა, რომ მსუბუქ წონით დივიზიონში ამოდიოდა, UFC-ის ხელმძღვანელებს მივწერე და ვუთხარი: „მითხარით, რა ხდება, ამ ბიჭთან მიმართებით“. მიუხედავად ამისა, ეს იდეა არ მოეწონათ, მითხრეს, ეს არ მოხდებაო და მაქსი მომცეს“.
ჰოლოუეი და პორიე UFC 318-ზე იჩხუბებენ, რომელიც 19 ივლისს (თბილისის დროით, 20 ივლისს) ნიუ ორლეანში გაიმართება. მათი ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში შედგება და სასწორზე BMF-ის (The Baddest Motherfucker) სიმბოლური ქამარი იდება.