სამბისტების ისტორიული შედეგი - 13 მედალი ევროპირველობაზე
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა ისტორიული შედეგით დაასრულეს. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა კონტინენტის პირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს, მსგავსი შედეგი კი აქამდე არასოდეს გვქონია. ცამეტიდან ორი მედალი უმაღლესი სინჯის გახლდათ და ჩემპიონის ტიტული ნინო ოძელაშვილმა (72 კგ) და ავთო მუკბანიანმა (64) დაისაკუთრეს.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ვახტანგ ჩიდრაშვილს (58 კგ), რაულ თუთარაულს (71 კგ), გიორგი ეგნატაშვილსა (88 კგ) და ირაკლი ტალახაძეს (64 კგ), რომლებიც ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. საპრიზო მესამე ადგილი კი საქართველოს ნაკრების ერთბაშად შვიდმა სამბისტმა, გიგა სოფრომაძემ (58 კგ), ჯაბა თურქიამ (71 კგ), ომარ ნიაზაშვილმა (79 კგ), ელენე ქებაძემ (+80 კგ), უშანგი მარგიანმა (88 კგ), მიშიკო ნოზაძემ (98 კგ) და გიორგი ჩაგელიშვილმა (+98 კგ) დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი სამბისტები უკანასკნელი ორი წელია გულშემატკივრებს დიდი წარმატებებით ახარებენ - წლევანდელ ტრიუმფამდე, 2024 წელს ჯაბა თურქია გახდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პირველი ქართველი სამბისტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.