„სერიის გამარჯვებული ჩემთვის უკვე ცნობილია“ - ბარკლი კლიპერსი-დენვერის მატჩზე
„კლიპერსსა“ და „დენვერს“ შორის გამართულმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალური სერიის მესამე მატჩმა, რომელშიც ლოს-ანჯელესის კლუბმა „ნაგეტსი“ 34-ქულიანი სხვაობით 117:83 დაამარცხა, დიდი რეზონანსი გამოიწვია. „კლიპერსის“ კალათბურთელებმა 18 სამქულიანი (46-პროცენტიანი რეალიზაცია) ჩააგდეს, მაშინ როდესაც პერიმეტრიდან „დენვერის“ მოთამაშეების მხოლოდ 7 სროლა (26,9 %) აღმოჩნდა ზუსტი.
როგორც ჩანს, ლეგენდარული კალათბურთელი ჩარლზ ბარკლი, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში ექსპერტად მუშაობს, კალიფორნიელების ასპარეზობით იმდენად მოიხიბლა, რომ ყველაფერს გადაწყვეტილად მიიჩნევს.
რას ამბობს ბარკლი
მეგობრებო, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ „კლიპერსი“ – „დენვერის“ მეოთხედფინალური სერიის ბედი გადაწყვეტილია. რამდენიმე კვირის წინ ყველას ვეუბნებოდი, რომ „კლიპერსი“ დასავლეთში სიძლიერით მეორე გუნდი გახლდათ და მგონი დადგა დრო, ჩემი სიტყვების სისწორეში ყველა დარწმუნდეს.
თბილისის დროით დღეს დილით გამართულ შეხვედრაში „დენვერს“ ნიკოლა იოკიჩის სამმაგმა დუბლმა (23 ქულა, 13 მოხსნა, 13 ასისტი) ვერ უშველა, ხოლო „კლიპერსის“ რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ლოს-ანჯელესელები სერიას ანგარიშით 2:1 იგებენ და მომდევნო მატჩი ისევ მათ დარბაზში გაიმართება.