ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს
მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის ფინალზე, VAR-ზე დანიშნული მსაჯის, პაბლო გონსალეს ფუერტესის შეცვლას ითხოვს. ამის შესახებ Marca იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც მადრიდელთა საკლუბო ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ფინალის მთავარ არბიტრად რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას დანიშვნა გააკრიტიკეს და „რეალის“ მეტოქეების სასარგებლოდ მის მიერ დაშვებული შეცდომების ვიდეორგოლი აჩვენეს.
ამის შემდეგ პაბლო გონსალეს ფუერტემ განაცხადა, რომ „რეალის“ ტელევიზიის სიუჟეტს „სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა“, რაც მადრიდელებმა მუქარად აღიქვეს და VAR-ზე პასუხისმგებელი მსაჯის შეცვლა მოითხოვეს.
„სამეფო კლუბის“ მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა თავად რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეაც, რომელიც მედიასთან საუბარში ატირდა და განაცხადა, რომ „მის შვილს თანაკლასელები ქურდის შვილად“ მოიხსენიებენ“.
COPE-ს ცნობით, რეალის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩესაც შეცვლის და ფინალს სხვა მსაჯი მოემსახურება. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ფედერაციაში მადრიდელთა პოზიციის გაზიარებას არ აპირებენ.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ შეხვდებიან. მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.