გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

მეტოქეობიდან მეგობრობამდე | კაბ სუონსონი ჭიკაძის კუთხეში იქნება

MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის კაბ სუონსონი ცნობილი მებრძოლია. 2021 წლის მაისში, გიგა ჭიკაძე სწორედ სუონსონს დაუპირისპირდა და მეტოქე პირველ რაუნდში, თავისი საფირმო დარტყმით, „გიგაკიკით“ დააფინიშა.

„ნინძასთან“ გამართული ჩხუბიდან სამი წლის შემდეგ, სუონსონმა კარიერა დაასრულა და აქცენტი მწვრთნელობაზე გადაიტანა. კაბი ახალგაზრდა და პერსპექტიული მებრძოლების განვითარებაზეა ორიენტირებული და გაუკვირდა, როდესაც მის სპორტდარბაზში ვეტერანი მებრძოლი გამოჩნდა და დახმარება სთხოვა. გაუკვირდა განსაკუთრებით იმიტომ რომ, ამ მებრძოლს იგი დანოკაუტებული ჰყავს.

როგორც მიხვდით, მებრძოლი, რომელიც სუონსონთან მივიდა, ჭიკაძეა. გიგა მომდევნო ორთაბრძოლას დავიდ ონამას წინააღმდეგ გამართავს და ერთ-ერთი, ვინც „ნინძას“ კუთხეში იდგება, სუონსონი გახლავთ.

„გიჟური ამბავია. დაპირისპირება არ გვქონია, მაგრამ ძალიან კარგად მიცნობთ. წაგებების შემდეგ, იყო მომენტები, როდესაც ჩემი ეგო წინა პლანზე გადმოდიოდა. ვცდილობდი, კარგი ადამიანი ვყოფილიყავი, მაგრამ როდესაც ვიღაცას დამარცხებული ჰყავხარ, სასიამოვნო არააა. ზოგჯერ, წლები დამჭირვებია, რათა წაგება წარსულში დამეტოვებინა, მაგრამ ამას ყოველთვის ვახერხებდი.

როდესაც გიგა ჩემს დარბაზში შემოვიდა და მოკრძალებულად მთხოვა, დავხმარებოდი, არ მქონდა მიზეზი, უარი მეთქვა. ვუთხარი, ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება-მეთქი. ჭიკაძე ძალიან კარგი ბიჭია და მშვენივრად ვიმუშავეთ. ყურადღებით მისმენდა და მინდა, ვნახო რა შეუძლია“, - განაცხადა სუონსონმა.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძისა და ონამას ბრძოლა კვირას დილით გაიმართება და დაახლოებით, თბილისის დროით, 06:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკური, ძლიერი და დრიბლინგში კრეატიული“- სუშიჩი კვარაცხელიაზე
„ტექნიკური, ძლიერი და დრიბლინგში კრეატიული“- სუშიჩი კვარაცხელიაზე