ანგისა: როცა ეს მოხდება - ხვიჩა ბევრს გააკვირვებს
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი მზარდია და ევროპულ პრესაში მის შესახებ სიახლეები ყოველდღიურად იწერება. ქართველ ჯადოქარზე საუბრობს ყველა და ამ მხრივ გამონაკლისი არც მისი ყოფილი გუნდელი და მეგობარი ანდრე ფრანკ ზამბო ანგისა გახლავთ.
კამერუნელი ნახევარმცველი თვლის, რომ პსჟ-ში კვარას საუკეთესო ვერსია ჯერ არ გვინახავს.
„ჯერ კიდევ ის ხვიჩა არ არის, რომელიც ნაპოლიში იყო, რომელსაც მე ვიცნობ, მაგრამ ეს ნორმალურია. ახალი ქვეყანა, ახალი გუნდი, ახალი გარემო - მან გუნდელებთან საერთო ენა უნდა გამონახოს. კვარა მოხვდა გუნდში, სადაც დემბელე და დუე საოცარ ფორმაში არიან და ყველა შემტევს სურს თავისი სტატისტიკა გააუმჯობესოს.
კვარაცხელიას თავისუფლება სჭირდება. ის უნდა გრძნობდეს, რომ გუნდელები ენდობიან. ჯერ ბოლომდე არ განთავისუფლებულა. როცა ეს მოხდება - ხვიჩა ბევრს გააკვირვებს“.
- ციტირებს ანგისას სიტყვებს butfootballclub-ი.
იანვარში პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, ხვიჩამ პსჟ-ს მაისურით 18 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.