დუ პლესის მწვრთნელმა დაადასტურა - დრიკუსი ჩიმაევთან იჩხუბებს
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, დრიკუს დუ პლესის მწვრთნელმა, მორნე ვისერმა დაადასტურა, რომ სამხრეთაფრიკელი მებრძოლის მომდევნო მეტოქე ხამზატ ჩიმაევი იქნება.
„ორგანიზაციას ვესაუბრეთ და ყველა ერთ აზრზე ვართ. კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მოგვიწერია, ამიტომ ოფიციალურად ჩხუბი ჯერ არ დაანონსებულა.
დრიკუსს ტრავმა არ აქვს, ეს ყველაფერი სისულელეა... მალე ხამზატთან ბრძოლა გველის. კონტრაქტს ველოდებით, მაგრამ ეს UFC 317-ზე არ იქნება. ამ დღეს UFC-ის სხვა რაღაც აქვს დაგეგმილი.
დარწმუნებული ვარ, ყველამ იცის, რაზე ვსაუბრობ, მაგრამ იქაც ჯერ ყველაფერი 100%-ით გადაწყვეტილი არაა. ჩვენ კი ხამზატ ჩიმაევთან ვიჩხუბებთ, კონტრაქტს ველოდებით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია“.
ცნობისთვის, დუ პლესი საშუალო წონის ჩემპიონია და ქამარი უკვე ორჯერ დაიცვა - გასული წლის აგვისტოში ისრაელ ადესანიასთან, მიმდინარე წლის თებერვალში კი შონ სტრიკლენდთან.
რაც შეეხება ჩიმაევს, მას MMA-ში 14-ვე ჩხუბი აქვს მოგებული, ბოლოს კი გასული წლის ოქტომბერში რობერტ უიტეკერი დაამარცხა.