ცეცაძემ მუშაობა განაახლა - გამოცდილ მწვრთნელს რუსთავი ჩააბარეს
ქართულ საფეხბურთო წრეებში უკანასკნელ ათწლეულში ერთ-ერთმა წარმატებულმა სპეციალისტმა გია ცეცაძემ მუშაობა განაახლა. ის რამდენიმე დღის წინ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა 2-ის წარმომადგენლის, „რუსთავის“ დამრიგებლად დაინიშნა, რომელიც ელიტის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის. ამ თანამადებობაზე ცეცაძემ ვარლამ კილასონია შეცვალა, რომელსაც მშობლიური ქალაქის გუნდში არაერთხელ აქვს ნამუშევარი.
ახალი გუნდის თავკაცის პოსტზე ცეცაძემ სადებიუტო მატჩის გამართვა უკვე მოასწრო და საკუთარ სტადიონზე „გონიოსთან“ 2:2 ითამაშა. 32-ე წუთისთვის რუსთაველები ლევან კუტალიასა და ბილი ჯიბრილის წყალობით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა გაფლანგეს და სამწუთიან მონაკვეთში ზურაბ ბერიძისგან და ტატო აბუსელიძისგან ორი გოლი მიიღეს. რვა ტურში დაგროვებული 13 ქულით „რუსთავი“ სატურნირო ცხრილში მარტვილის „მერანთან“ მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს და ლიდერ „სპაერს“ 5 ქულით ჩამორჩება.
გია ცეცაძეს სხვადასხვა დროს საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში წარმატებით აქვს ნამუშევარი. საკლუბო კარიერაში კი მისი საუკეთესო პერიოდი „სამტრედიაში“ გატარებულ წლებს უკავშირდება, როდესაც იმერეთის კლუბს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. 2015 და 2016 წლებში კი, საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.