ასტონ ვილასა და მანჩესტერს აღარ უნდათ - რაშფორდი მზადაა ბარსელონაში გადავიდეს
მარკუს რაშფორდი „ბარსელონაში“ გადასვლით კვლავ დაინტერესებულია. 27 წლის თავდამსხმელი ამჟამად „ასტონ ვილაში“ თამაშობს, თუმცა ჯერაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ საკუთრებაა.
GiveMeSport-ის ცნობით, „ასტონ ვილას“ სეზონის ბოლოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, გამოისყიდოს თუ არა რაშფორდი. საქმე ისე მიდის, რომ ბირმინგემელები ამას არ გააკეთებენ და ინგლისელ ფორვარდს უკან „ოლდ ტრაფორდზე“ დააბრუნებენ, მაგრამ ფეხბურთელის დაბრუნება არც თავად „წითელ ეშმაკებს“ სურთ.
ინგლისელის სრულად გამოსყიდვა „ასტონ ვილას“ 40 მილიონი ფუნტი დაუჯდება. გარდა ამისა, რაშფორდი კვირაში ხელფასის სახით 350 ათას ფუნტს იღებს.
ამ ყველაფრის ფონზე, ფეხბურთელი ხვდება, რომ ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს და როგორც წყარო წერს, ის „ბარსელონას“ ვარიანტის განსახილველად კვლავ ღიაა. მისი წარმომადგენლები ესპანურ კლუბთან მოლაპარაკებების მორიგ ეტაპს გეგმავენ.
კატალონიელები მის დამატებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ჯერ ზაფხულში ვერ შეძლეს და შემდეგ ვერც იანვარში. ამის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო, რომელიც ლა ლიგის ზედმეტად მკაცრი რეგულაციებიდან გამომდინარეობს.
ჰანსი ფლიკი ინგლისელი ფორვარდის მიმართ ინტერესს იჩენდა და იჯარის წესით მისი დამატების მომხრე იყო, რადგან რაშფორდს თამაში ცენტრფორვარდად და ასევე ორივე ფლანგზეც შეუძლია, რაც გერმანელ სპეციალისტს ტაქტიკურად როტაციაში მეტი არჩევანის საშუალებას აძლევდა.
ამ ეტაპზე უცნობია კვლავ დაინტერესდება თუ არა „ბარსა“ რაშფორდით. ზაფხულში კატალონიელთა სამიზნეებად ალექსანდრ ისაკი, ნიკო უილიამსი, ხულიენ ალვარესი, ლუის დიასი და ვიქტორ გიოკერეში ითვლებიან. „ბლაუგრანა“ ცენტრფორვარდისა და გარემარბის პოზიციებზე გაძლიერებას გეგმავს. როგორც ვხედავთ, სია საკმაოდ ფართოა და მათ შორის მხოლოდ 1 ან 2 ვარიანტი შეირჩევა.
27 წლის რაშფორდმა „ასტონ ვილაში“ გადასვლის შემდეგ, 17 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.