სიხისტე აკლია, ორთაბრძოლებში პრობლემა აქვს | კრილიაში გაგნიძეზე ღელავენ
რუსული „კრილია სოვეტოვის’’ გენერალური დირექტორის მოადგილემ, რუსლან პიმენოვმა რუსულ РБ Спорт-თან ინტერვიუში ლუკა გაგნიძეზე ისაუბრა.
ზამთარში გაგნიძე მოსკოვის „დინამოდან’’ იჯარით „კრილია სოვეტოვში’’ გადავიდა, თუმცა მისი პრობლემა არ გადაჭრილა, ისევე როგორც მოსკოვის „დინამოში’’, „კრილია სოვეტოვშიც’’ მცირე სათამაშო დრო აქვს.
პიმენოვი: „ამაზე მეც ვღელავ. უფრო კაცური ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ორთაბრძოლებს, სიხისტესა და დაცვაში თამაშს ვგულისხმობ. ბურთით კარგია, მაგრამ ბრძოლასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს’’.
პიმენოვის თქმით, ამ ეტაპზე საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებაზე საუბარი არაა, თუმცა შესაძლოა ლუკამ ხარვეზები გამოასწოროს და მასთან დაკავშირებით ვითარება შეიცვლება.
22 წლის ფეხბურთელმა „კრილია სოვეტოვში’’ 6 მატჩი ჩაატარა, ექვსივე შეხვედრაში სკამზე იჯდა და 20 წუთზე მეტი მხოლოდ ბოლო ტურში ცსკა-სთან ითამაშა, მინდორზე 69-ე წუთზე გამოვიდა.
ზაფხულში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ლუკა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და მისი კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ფოტოზე ლუკა მოსკოვის „დინამოს'' ვარჯიშზეა, „კრილია სოვეტოვშიც'' იდენტური პრობლემა აქვს, ნაკლებად ენდობიან და მინდორზე მცირე დროს ატარებს.