მოურინიომ შესაძლოა პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს | beIN Sports
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურას განიხილავს. ამის შესახებ beIN Sports-ი წერს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ფედერაცია მზადაა, „ფენერბახჩეს“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ, კომპენსაცია გადაუხადოს.
„62 წლის სპეციალისტის დანიშვნის მიზანია, რომ 2026 წლის მუნდიალამდე ნაკრები „მაქსიმალური გარანტიებით“ მივიდეს და ფედერაციაში მოურინიოს მისვლის შესაძლებლობას იმის მიუხედავადაც განიხილავენ, თუ რა შედეგებს აჩვენებს ის ერთა ლიგაზე“, - წერს beIN Sports-ი.
ამჟამად პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესია, რომელიც ამ პოსტს 2023 წლიდან იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე „ფენერბახჩეს“ 2024 წლიდან წვრთნის და მისი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ჩათვლით არის გაფორმებული.