რამდენსაც რონალდუს უხდიდნენ - ვინისიუსი რეალს ანაზღაურების გაზრდას თხოვს
ვინისიუს ჟუნიორი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ისტორიაში და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მადრიდის „რეალში“. საამისოდ საჭიროა კლუბმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიელს სურს მიიღოს დაახლოებით იგივე თანხა, რამდენიც მადრიდულმა კლუბმა თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუს გადაუხადა. პორტუგალიელი „ბლანკოსის“ ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.
საუბარია დაახლოებით 30 მილიონ ევროზე, პრემიებისა და კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის გათვალისწინებით მისაღებ ბონუსებზე.
თუ „რეალი“ ვინისიუსის მოთხოვნებს მიიღებს, ბრაზილიელი გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. რაც მთავარია - ვინი მბაპეზე მეტს მიიღებს, ეს კი სიტუაციის დაძაბვის წინაპირობა იქნება.
მადრიდელები ვინისიუსის გაყიდვას არ გამორიცხავენ, თუ ფეხბურთელი კლუბს პირობებზე ვერ შეუთანხმდება. ასეთ შემთხვევაში, „რეალი“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერზე იმუშავებს.