კამავინგასთვის სეზონი დასრულებულია
ლა ლიგის 33-ე ტურში „რეალმა“ თანაქალაქელი „ხეტაფე“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და „ბარსელონასთან“ 4 ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა, თუმცა ამ მატჩში მადრიდელებმა გაცილებით მეტი დაკარგეს.
46-ე წუთზე დავიდ ალაბა დაიმტვრა და მის ნაცვლად მოედანზე ედუარდო კამავინგა შევიდა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს ასევე დაზიანება მიიღო, თუმცა გაცილებით მძიმე, ვიდრე ავსტრიელმა.
ესპანური Cope-ს ცნობით, ფრანგს ბარძაყის მარცხენა შემაერთებელი კუნთის მყესის სრული რღვევის დიაგნოზი დაუსვეს.
წყაროს თანახმად, კამავინგა სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს. ასევე, ის არ ითამაშებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ივნისში გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ შაბათს, 26 აპრილს (23:55) ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ელ კლასიკო“ გველის. კარლო ანჩელოტის კილიან მბაპეს დაბრუნების იმედი აქვს, თუმცა კამავინგა, ალაბა, მილიტაო, მენდი და კარვახალი დააკლდება. „ბლაუგრანას“ კი ბალდე და ლევანდოვსკი არ ეყოლება.