ტიერი ანრიმ შესაძლოა ლაიფციგი ჩაიბაროს
„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ შესაძლოა „ლაიფციგი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ Le Journal du Dimanche წერს.
როგორც გამოცემა წერს, გერმანული კლუბი 47 წლის ფრანგი სპეციალისტის მიწვევით ძალიან არის დაინტერესებული.
„კლუბი ეძებს მწვრთნელს, რომელსაც შეუძლია შემტევი და მიმზიდველი ფეხბურთის ჩვენება, ენდობა ახალგაზრდა ტალანტებსა და საუკეთესო შემთხვევაში უკვე ჰქონია კავშირი „რედ ბულის“ სისტემასთან - ანრი 2010-2014 წლებში „ნიუ-იორკ რედ ბულზში“ თამაშობდა.
ფრანგს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს „რედ ბულის“ ხელმძღვანელ, ოლივერ მინცლაფთან და ასევე მის დანიშვნას მხარს დაუჭერს იურგენ კლოპიც, რომელიც კომპანიის საფეხბურთო მიმართულების ხელმძღვანელია. მხარეები მოლაპარაკებების გამართვას უახლოეს დღეებში გეგმავენ“, - წერს Le Journal du Dimanche.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს „ლაიფციგმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო როზე დაითხოვა და გუნდს სეზონის ბოლომდე ჟოლტ ლიოვი უხელმძღვანელებს.
გეტყვით ასევე, რომ ანრის ბოლო სამუშაო ადგილი საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრები იყო, რომელმაც 2024 წლის ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა.