„მესის ყოველთვის კარგი თანაგუნდელები ჰყავდა, რონალდუ GOAT-ია“ | ჟულიო ბაპტისტა
„რეალის“, „რომასა“ და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟულიო ბაპტისტამ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. ბაპტისტამ კრისტიანუ რონალდუ ლიონელ მესიზე წინ დააყენა და საკუთარი პოზიცია ახსნა კიდეც.
„ფანები ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე ხშირად ლაპარაკობენ. როგორც მესიმ, ისე რონალდუმ, საოცრებები გააკეთეს. ლიონელი რომ არ არსებობდეს, არ მგონია, კრიშტიანუს იგივე მოტივაცია ჰქონოდა და პირიქით. ჩემი აზრით, ბუნებრივად, მესი უფრო ნიჭიერია, რონალდუმ კი საკუთარი კარიერა ააშენა.
მესის უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მხოლოდ ბარსელონაში თამაშობდა. მინდოდა, სხვადასხვა კლუბის მაისურით მენახა, რათა ზუსტად გამეგო, რა შეუძლია. დიახ, პსჟ-ში წავიდა, მაგრამ ამ დროს, იმავე დონის ფეხბურთელი არ ყოფილა, ახლა კი MLS-შია. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში გახდა. წითელ ეშმაკებში მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც შედარებით რთული იყო.
მესის ყოველთვის კარგი თანაგუნდელები ჰყავდა, კრიშტიანუს კი ბევრ კლუბში უასპარეზია. პირადად მე, ვთვლი, რომ რაც რონალდუმ გააკეთა, უფრო რთულია, ვიდრე ის, რაც მესიმ გააკეთა. კრიშტიანუს უფრო მრავალფეროვანი რეზიუმე აქვს და ვფიქრობ, მიღწევების გამო, უნდა დავაფასოთ და GOAT-ი ვუწოდოთ“.
შეგახსენებთ, რომ ბაპტისტამ კარიერა 2018-19 წლების სეზონის შემდეგ დაასრულა. 2001-დან 2010 წლამდე, ის ბრაზილიის ნაკრებში ასპარეზობდა და კოპა ამერიკა მოიგო.