დასანანი მარცხი | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს, -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა და გერმანელ სეია ბალჰაუსს დაუპირისპირდა.
ლიპარტელიანმა მიზანს ვერ მიაღწია და ბალჰაუსთან ვაზარით წააგო. ეთომ ერთი შეცდომა დაუშვა, რომელიც ძვირად დაუჯდა და თავდაპირველი იუკო მსაჯებმა ვაზარად გადააკეთეს.
ფინალამდე, ლიპარტელიანმა საწყის შეხვედრაში რუს დარია კურბონმამადოვას მოუგო და მეოთხედფინალში შვეიცარიელი ბინტა ნდიაიე გამოთიშა ასპარეზობას. ნახევარფინალში, ეთომ ისრაელის წარმომადგენელი ნელსონ ლევი იუკოთი დაამარცხა
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია. ტურნირის პირველ დღეს, გიორგი სარდალაშვილმა ფენომენალურად იასპარეზა და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონიც გახდა. სარდალაშვილმა ფინალში რუს აიუბ ბლიევს მოუგო.