„თუნდაც დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იჩხუბოს“ - კორმიე იმავოვს დაჩაგრულად მიიჩნევს
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონზე არანაკლებ ჩახლართული ვითარებაა საშუალო წონით დივიზიონში, სადაც ერთი შეხედვით გადაწყვეტილი ჩანდა, ვისთან უნდა დაეცვა საჩემპიონო ქამარი დრიკუს დუ პლესის შონ სტრიკლენდის დამარცხების შემდეგ, თუმცა ნასურდინ იმავოვის მიერ ისრაელ ადესანიას დანოკაუტებამ ბევრი კითხვის ნიშნები გააჩინა. უამრავი ექსპერტი თვლის, რომ ხამზატ ჩიმაევზე არანაკლებად დუ პლესისთან ტიტულისთვის ჩხუბს იმავოვი იმსახურებს და მათ კატეგორიას მიეკუთვნება დენიელ კორმიე, რომელმაც ESPN-ის ეთერში საუბრისას ასეთი მოსაზრება ჩამოაყალიბა:
„ნასურდინ იმავოვის ადგილზე რომ ვიყო, UFC-ის ხელმძღვანელებს ვეტყოდი: „მისმინეთ, არ მაინტერესებს თქვენ რა გეგმები გაქვთ, მე მსურს ამ წონით დივიზიონში გამორჩეული მოვლენების მონაწილე ვიყო, რადგან ეს დავიმსახურე. როდესაც ბრენდან ალენი ფორმის პიკზე იმყოფებოდა, მე ის დავამარცხე. მთხოვეთ ადესანიასთან მეჩხუბა და ნოკაუტში გავგზავნე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბის ღირსი მაინც ვარ“.
შეგახსენებთ, რომ ამავე წონით დივიზიონში იმყოფება რომან დოლიძე, რომელიც მარტში მარვინ ვეტორის დამარცხების შემდეგ, რეიტინგში დაწინაურდა, ათეულში შევიდა და მერვე პოზიციაზე გადაინაცვლა.