დუ პლესი: „არავითარი ტრავმა, მალე სიახლეს შეიტყობთ“
ივნისის ბოლოს MMA-ს მოყვარულები UFC-ის ხელმძღვანელებისგან მსუბუქი წონაზე უფრო მეტად, საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნას საშუალო წონით დივიზიონში ელოდნენ, მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოქმედი ჩემპიონის, დრიკუს დუ პლესისა და დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის ხამზატ ჩიმაევის შეხვედრა პირველი მათგანის ხელის ტრავმის გამო ჩაიშალა.
თუმცა, ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ აფრიკელმა ამ ყველაფერს ჭორები უწოდა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ მასთან დაკავშირებულ სიახლეებს მალე შეიტყობენ.
დრიკუს დუ პლესი
ლამის ყველამ საკუთარი აზრი გამოთქვა ჩემი ვითომდა დაზიანებული წვივისა და მოტეხილი ხელის შესახებ. ეს ყველაფერი სასაცილოა და რაც ყველაზე მთავარია, სინამდვილეს არ შეესაბამება. UFC-ის ხელმძღვანელებთან უკვე განხილული და შეთანხმებული მაქვს ბრძოლის თარიღი. მეტოქეც შერჩეულია, მაგრამ ივნისის ქარდზე კონტრაქტი ჯერჯერობით არ გაფორმებულა. არც ერთ ჩხუბზე უარი არ მითქვამს და ძალიან მალე ჩემთან დაკავშირებით სიახლეებს შეიტყობთ.
შეგახსენებთ, რომ დუ პლესის მომავალი მეტოქის შესახებ უკვე ყველას კარგად მოეხსენება და ეს ხამზატ ჩიმაევია, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში წინ ჯერჯერობით დაუმარცხებლად მიიწევს.