ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ნიცასთან წაგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა? თანახმა ვარ“ - ლუის ენრიკე

ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ნიცასთან“ დაგეგმილი მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე:

„ჩემი სამწვრთნელო შტაბისთვის ცოტა უჩვეულოა სიტუაცია, როდესაც ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე ამდენი მატჩით ადრე მოვიგეთ, მაგრამ გარკვეული რეკორდების დამყარება გვსურს და სწორედ ეს გვაძლევს მოტივაციას.

კმაყოფილი ვარ თუ არა ჩემი ფეხბურთელებით? სუპერკმაყოფილი ვარ. „არსენალისა“ და „კრისტალ პალასის“ მატჩი არ მინახავს. ლონდონელების თამაშს ძალიან კარგად ვიცნობ, მათ დიდი ხანია ვაკვირდებით. ამ სეზონში „არსენალს“ უკვე ვეთამაშეთ და მას შემდეგ როგორც ჩვენი ძლიერი, ისე სუსტი მხარეები არ შეცვლილა, მაგრამ რაღაცების გაუმჯობესება შეგვიძლია. მსოფლიოში იდეალური გუნდი არ არსებობს, კრიტიკის საბაბი ყოველთვის გამოიძებნება, მაგრამ ჩვენ გვსურს, ყველა ტურნირი მოვიგოთ და ეს ჩვეულ სტილში გავაკეთოთ.

გასულ სეზონთან შედარებით ჩვენი გუნდი ძალიან გაიზარდა. ახალგაზრდებს ახლა უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, ასეთმა რთულმა ჯგუფურმა ეტაპმა ჩვენი გუნდი კიდევ უფრო ძლიერი გახადა. ჩემპიონები ვართ, მაგრამ მინდა, ყველა დარჩენილი მატჩი მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ხვალ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მორიგი ტესტი გველის.

მართალი გითხრათ, თუ ვინმე მომცემს გარანტიას, რომ თუ „ნიცასთან“ წავაგებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ, ამაზე თანახმა ვარ. მთავარი მიზანი ტიტულების მოგებაა, იმიტომ რომ ასე იწერება ისტორია. რეკორდები გუნდის სიძლიერეზე მეტყველებს, მაგრამ ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ასეთი გარანტიის მოცემა არავის შეუძლია, ამიტომ მნიშვნელოვანია რეკორდებზე ვიფიქროთ, რაც ასევე საჭიროა თვითრწმენის ასამაღლებლად და „არსენალთან“ კარგი მატჩების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, რომ შემტევი ფეხბურთით ტიტულების მოგება შეგვიძლია. ამის ყოველთვის მჯეროდა და ასე იქნება ჩემი კარიერის ბოლომდე“.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ნიცას“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ კვარას პსჟ და ბარსა - რა შეცვალა ინტერის მარცხმა
მხოლოდ კვარას პსჟ და ბარსა - რა შეცვალა ინტერის მარცხმა