მხოლოდ კვარას პსჟ და ბარსა - რა შეცვალა ინტერის მარცხმა
„დერბი დე ლა მადონინაში“ ცალსახა ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია, რადგან იშვიათი გამონაკლისების გარდა, „მილანი“ და „ინტერი“ მუდამ თანაბარ დონეზე დგანან და გამარჯვებულის გამოსავლენად მათ შორის ყოველთვის უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, სენსაციურად შეიძლება ჩაითვალოს გუშინ, იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში დაფიქსირებული შედეგი, სადაც როსონერიმ ნერიაძური 3:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, რამაც სიმონე ინძაგის შეგირდებს სეზონის სრული ტრიუმფით დასრულების შანსი წაართვა.
სრულ ტრიუმფში ტრიპლეტის შესრულება იგულისხმება, რომლის შესაძლებლობაც კოპა იტალიიდან „ინტერის“ გავარდნის შემდეგ, ახლა ევროპაში მხოლოდ ორ გუნდს, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ აქვთ. პარიზელები ამ მხრივ კატალონიელებზე წინ არიან, რადგან მათ საფრანგეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები უკვე გაინაღდეს, „ბლაუგრანას“ კი ლა ლიგის ბოლო ტურებში „რეალისგან“ სერიოზული კონკურენცია ელის. გარდა ამისა, „ბარსელონას“ კოპა დელ რეის ფინალშიც მეტოქედ სამეფო კლუბი ეყოლება და იქაც გარანტირებული არაფერი ექნება.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის სულაც ოთხი ტიტულით დასრულების შანსი აქვს, რადგან პარიზული წარმატებების პარალელურად, მისი ყოფილი გუნდი „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვებისთვის იბრძვის თუ ანტონიო კონტეს მომზადებულმა შეგირდებმა მიზანს მიაღწიეს, ოქროს მედალი 24 წლის ქართველსაც ეკუთვნის, რომელიც პირველ წრეში საკმაოდ შედეგიანად ასპარეზობდა და თავი 5 გოლთან ერთად, 3 საგოლე პასით გამოიჩინა.