„ყველაფრის გადაწყობა მოგვიწევს“ - კერი ბატლერის ტრავმაზე
„ჰიუსტონთან“ გამართული მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი „გოლდენ სტეიტისთვის“ ორმაგად უსიამოვნო გამოდგა - გარდა იმისა, რომ „უორიორსი“ 15-ქულიანი სხვაობით, 94:109 დამარცხდა, ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ჯიმი ბატლერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა. დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა, თუმცა „მეომრების“ მთავარი მწვრთნელი სტივ კერი ამ ყველაფერზე უკვე ნერვიულობს და წუწუნებს იმის გამო, რომ ბევრი რამის შეცვლა მოუწევს.
რას ამბობს კერი
ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ის ერთი შეხედვით უწყინარი ეპიზოდი, ასეთი სავალალო შედეგით დასრულდებოდა. როგორც არ უნდა სტკიოდეს, ჯიმი ყოველთვის მეუბნება, რომ ის სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევის შედეგებს უნდა დაველოდოთ. თუ ბატლერი დიდი ხნით გამოგვაკლდება, მაშინ „როკეტსთან“ სერიაში ყველაფრის შეცვლა და თავიდან დაგეგმვა მოგვიწევს - ეს ეხება როტაციას, სასტარტო ხუთეულს, კომბინაციებსა და სხვა დეტალებს.
დღეს დილით გამართულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც 20 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა, 5 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება დააგროვა და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა. სერიის მომდევნო, რიგით მესამე მატჩის მასპინძელი „უორიორსი“ იქნება და შეხვედრა კვირას დილით, თბილისის დროით 04:30 წუთზე დაიწყება.