„მახაჩევთან ჩხუბს არ ვაპირებ, მათ ჩემთვის ბევრი რამ გააკეთეს“ - ბელალ მუჰამედი
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ბელალ მუჰამედმა Submission Radio-ს ეთერში განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან ჩხუბს არ აპირებს.
მუჰამედის თქმით, ისლამ მახაჩევს მსუბუქ წონაში დასამარცხებელი ძლიერი ოპონენტები ჯერ კიდევ დარჩა.
„არა, ისლამთან არ ვიჩხუბებ. მათ [ხაბიბის გუნდმა] ჩემთვის იმდენი გააკეთეს, ისეთი დახმარება გამიწიეს, რომ მათთან ჩხუბს არ ვაპირებ. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ და მათი ერთგული ვარ.
მსუბუქ წონაში ჯერ კიდევ არიან ძლიერი ოპონენტები, რომლებთანაც ისლამს არ უჩხუბია. მაგალითად, ჯასტინ გეიჯი... პედი პიმბლეტს კარგი ჩხუბი ჰქონდა, ჩარლს ოლივეირა რევანშს ელოდება...
ვფიქრობ, ილია თოფურიამ ჯერ ვინმე უნდა დაამარცხოს და მხოლოდ ამის შემდეგ იჩხუბოს ქამრისთვის, ვინაიდან მახაჩევმა ქვემსუბუქი წონიდან ამოსულ მებრძოლთან აღარ უნდა იჩხუბოს. როგორც არ უნდა დასრულდეს მათი ჩხუბი, ხალხი ისლამს გააკრიტიკებს“.
როგორც იცით, ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ისლამ მახაჩევს ორი წონის ჩემპიონობა სურს და ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ჩხუბს ელოდება, რომელშიც ბელალ მუჰამედი ქამარს ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ დაიცავს. თუ ბელალმა, რომელიც ისლამის მეგობარი და სპარინგ-პარტნიორია, ტიტული დაკარგა, დიდი ალბათობით, მახაჩევი წონით დივიზიონს შეიცვლის და დელა მადალენას დაუპირისპირდება.
თავის მხრივ, გუშინ ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას UFC 317-ზე გამართავს. თუ მახაჩევი მსუბუქ წონაში დარჩა, ილიას მეტოქე სწორედ ის იქნება, ხოლო თუ დაღესტნელმა მებრძოლმა ქვესაშუალო წონაში ასვლა გადაწყვიტა, მაშინ ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ვაკანტური ქამრისთვის იბრძოლებენ.