„ვოლკანოვსკიმ განწყობა დაუბრუნა“ - ადესანიამ სტრიკლენდი გამოიწვია
ბოლო პერიოდში ზედიზედ განცდილი მარცხების გამო, ბევრი თვლის, რომ ისრაელ ადესანიამ კარიერის საუკეთესო წლები უკან მოიტოვა და საჩემპიონო ქამარს ვეღარ დაიბრუნებს. თუმცა, როგორც ჩანს, თავად UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ნიგერიელი მებრძოლი დანებებას არ აპირებს და ოქტაგონში ახალი ძალებით დაბრუნებას გეგმავს, რისთვისაც მეტოქეც თავად შეურჩევია და დენა უაითს თხოვნით მიმართა, შონ სტრიკლენდთან რევანშის საშუალება მიეცეს, რომელთანაც 2023 წლის სექტემბერში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
რას ამბობს ადესანია
მწვრთნელს ვუთხარი: „დრო მოვიდა“. ისიც ვიცი, ვისთან მსურს ჩხუბი და ამ ბიჭის გვარი სტრიკლენდია. შონს ვეტყოდი, რომ ვალის დაბრუნების დროა. მან სიდნეიში ობიექტურად დამამარცხა და ხუთივე რაუნდში პირწმინდად მაჯობა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ უკანალში პანღური მითავაზა.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ტემპის დაგდება მჭირდებოდა. ჩემპიონის ქამარს როდესაც ვფლობდი, წელიწადში სამ-ოთხ ბრძოლას ვატარებდი. ამჯერად კი ყველაფერს სხვაგვარად დავგეგმავ და ბრძოლასაც უფრო სწორად მივუდგები.
მისი პირადი მწვრთნელის, იუჯინ ბერმანის განცხადებით, სულ რაღაც სამიოდე კვირის წინ, ისრაელ ადესანია კარიერის დასრულებას გეგმავდა, თუმცა მისი მოტივირების მთავარი წყარო ალექსანდრ ვოლკანოვსკი აღმოჩნდა, რომელიც ისლამ მახაჩევთან და ილია თოფურიასთან განცდილი ორი მტკივნეული ნოკაუტის შემდეგ, ოქტაგონში ღირსეულად დაბრუნდა და დიეგო ლოპესის ძლევით ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.