კონსეისაუს მეორე ფინალი ოთხ თვეში - მილანის მცირე დუბლის შანსი
სერჟიო კონსეისაუს ხელმძღვანელობით შესაძლოა „მილანი“ იტალიის სერია A-ში საშინლად გამოიყურება, თუმცა ფაქტია, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს „დერბი დე ლა მადონინაში“ ნაჩვენებ შედეგებზე ვერავინ უსაყვედურებს. სტეფანო პიოლის მუშაობის პერიოდში როსონერის „ინტერთან“ ზედიზედ 6 მარცხი ჰქონდა, მისი წასვლის შემდეგ კი თანაქალაქელთან უკვე 5 მატჩია არ აგებს და აქედან ოთხი მათგანი გუნდმა კონსეისაუს ხელმძღვანელობით ჩაატარა.
გუშინ, შავ-წითლებმა შავ-ლურჯები კოპა იტალიის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში 3:0 დაამარცხეს, მეტოქეს ორი მატჩის 4:1 აჯობეს და ამ ტურნირის ფინალში 7-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდნენ. ასე და ამგვარად, ჩემპიონატის პირველ წრეში და სუპერთასის გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებას, „მილანმა“ „ინტერის“ თასზეც ძლევაც მიაყოლა და ერთ სეზონში სამჯერ თანაქალაქელი ისტორიაში სულ მესამედ დაამარცხა - აქამდე მსგავსი შემთხვევები 1971-1972 და 2004-2005 წლების სეზონში იყო დაფიქსირებული.
კონსეისაუს კი სიამაყის საფუძველი ნამდვილად აქვს, რადგან მისი ხელმძღვანელობით როსონერის სუპერთასის შემდეგ, თასის მოგებისა და ერთგვარი მცირე დუბლის შესრულების მშვენიერი შანსი ეძლევა, რისი გაკეთებაც უკანასკნელად 2007-2008 წლებში კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით შეძლო, როდესაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში - „ბოკა ხუნიორსი“, ხოლო ევროპის სუპერთასის გადამწყვეტ თამაშში „სევილია“ დაამარცხა.
„მილანის“ მეტოქე ტიტულისთვის ბრძოლაში დღეს, „ბოლონია“ – „ემპოლის“ შეხვედრაში გაირკვევა, სადაც საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები წყვილის ცალსახა აუტსაიდერები არიან, რადგან პირველ შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე 0:3 დამარცხდნენ. კოპა იტალიის ფინალი კი, 14 მაისს რომში შედგება და წარმატების შემთხვევაში „მილანი“ ამ ტურნირს 22-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მეექვსედ მოიგებს.